„ქართული ოცნება“ აანონსებს საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტიას.
კომპანიებს ჯარიმები ჩამოეწერება საპენსიო დავალიანების წლის ბოლომდე დაფარვის შემთხვევაში.
ამას ითვალისწინებს დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. კანონპროექტი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის მოიცავს ხუთ ძირითად ცვლილებას:
- „გამოცხადდება გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია: 13 500 დამსაქმებელს ჩამოეწერება ჯამურად 43 მილიონი ლარის ჯარიმა, თუ საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავს.
- მცირდება ჯარიმის ოდენობა: პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა იქნება 300 ლარი.
- საპენსიო ფონდში შეიქმნება დავების განხილვის სამსახური, რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს.
- შესაძლებელი გახდება საპენსიო შენატანისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდა 18 თვემდე ვადით.
- დაზუსტდება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას აღსრულება შეჩერდება“.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციიროთ ჯარიმების ამნისტიის პროექტი. შესაბამისად, ხუთი ძირითადი პუნქტიდან პირველი მთავარი საკითხი სწორედ იმ ჯარიმების ამნისტიას ეხება, რომლებიც ჯერ გადახდილი არ არის. ეს ცვლილება შეეხება დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს და, ჯამში, მოიცავს 43 მლნ ლარს. ჯარიმების ჩამოწერა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ საურავებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
