ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 483 670 ლარის ავეჯი გამარტივებული შესყიდვით შეიძინა.

მათ შორისაა, ერთი გორგოლაჭიანი სკამი 4 230 ლარად, სერვის-ტუმბო — 9 680 ლარად, 4 080-ლარიანი კარადა და 14 650-ლარიანი საკონფერენციო მაგიდა.

ინფორმაცია თავდაპირველად „ახლების“ წევრმა ბესიკ დონაძემ გაავრცელა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ავეჯი ძირითადად თურქული და იტალიური წარმოებისაა. გამონაკლისია ქართული წარმოების სამზარეულოს ჩასაშენებელი 2 მაგიდა.

„რაც შეეხება იტალიურ ავეჯს, ეს არის დაბალფასიანი სეგმენტი, რომელიც თურქულის ფასში იყო. ბაზრის კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ იტალიური პროდუქცია იყო იგივე ფასის, რაც თურქული და ამ ნაწილში გადაწყვეტილება მივიღეთ. მეორე ის, რომ შეგვეძლო ჩინური ჩამოგვეტანა, მაგრამ დრო არ გვყოფნის, დროულად უნდა გადავიდეთ ოფისში“, — უთხრა ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ „ტვ პირველს“, რომლის ინფორმაციითაც, უწყება 25 სექტემბრიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის კუთვნილი „ველ ჰაუს დეველოპმენტის“ ოფისში გადადის.