უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2025 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. მასში უმაღლესი განათლების სისტემის 7 ძირითადი პრობლემა და მათი გადაჭრის გზებია მოცემული. 2026 წლის სექტემბერში უკვე შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად შესრულდა რეფორმის ავტორთა გეგმები და რამდენად პასუხობს გატარებული ღონისძიებები კონცეფციაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს.
ავტორი: ლელა ჩახაია, განათლების მკვლევარი
რეგიონული დეკონცენტრაცია
კონცეფციის თანახმად, სტუდენტთა საერთო რაოდენობის დიდი წილი – 85% – სწავლობს თბილისში, რაც იწვევს გეოგრაფიულ კონცენტრაციას, რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინებას დედაქალაქში. ამ გამოწვევის საპასუხოდ რეფორმის ავტორებმა შემოგვთავაზეს მეორე საუნივერსიტეტო კერის შექმნა ქუთაისში და თბილისიდან საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის რუსთავის გზაზე გადატანა.
რა მივიღეთ რეალურად?
საბაკალავრო საფეხურზე მიღებულ სტუდენტთა 80% თბილისში მდებარე უნივერსიტეტებში ჩაირიცხა როგორც 2025, ასევე 2026 წელს. ანუ რეფორმის გატარების შედეგად არ შემცირებულა თბილისის უნივერსიტეტებში მიღებული სტუდენტების წილი. უფრო მეტიც, ქუთაისის უნივერსიტეტებში მიღებულ სტუდენტთა წილი ოდნავ შემცირდა კიდევაც (7.8% იყო 2025 და 7.5% არის 2026-ში). ქუთაისის მეორე საუნივერსიტეტო კერად ჩამოყალიბება შესაბამისად არ შედგა. დაახლოებით 2%-ით გაიზარდა ბათუმში სტუდენტების მიღება.
ასევე საინტერესოა, რომ შემცირდა ოთხ რეგიონულ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა წილი. კონკრეტულად: ზუგდიდში, თელავში, ახალციხესა და გორში მაცხოვრებელი ახალგაზრდების წილი, რომლებიც ამ ქალაქში არსებულ უნივერსიტეტებში აბარებენ, 10%-ით შემცირდა შარშანდელთან შედარებით (23% – 13%).
რესურსების ოპტიმიზება და სწავლების ხარისხის გათანაბრება
რესურსების ოპტიმიზება, არარაციონალური გამოყენება და ხარისხის უთანაბრობა, ამ პუნქტში რეფორმის ავტორები რამდენიმე პრობლემას უსვამენ ხაზს:
- რომ უნივერსიტეტები გასცემენ არათანაბარი ხარისხის განათლებას. თავისთავად ეს ინტერპრეტაცია გაუგებარია, რადგან ძალიან ბუნებრივია ის, რომ ყველა უნივერსიტეტი თანაბარი ხარისხის განათლებას ვერ გასცემს;
- რეფორმის ავტორებს ხარისხის გაუმჯობესების ძალიან გამარტივებული გზა აქვთ დასახული: ზოგიერთ უნივერსიტეტში კარგი რესურსები და კარგი პროფესორები ჰყავთ, ზოგში – არა. თუ გავაერთიანებთ და მხოლოდ კარგებს დავტოვებთ, ხარისხი გაუმჯობესდება. ამ ხედვას ეფუძნება ‘ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის’ მიდგომა;
- რეფორმის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უცხოელი სტუდენტების მოზიდვა სწავლების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.
ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად (რომლებიც თავისთავად ძალიან არალოგიკურია და რჩება შთაბეჭდილება, რომ წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების გასამართლებლად პოსტ–ფაქტუმ შედგა ეს სია) რეფორმის ავტორებმა შემდეგი ღონისძიებები შემოგვთავაზეს:
- ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი. ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს ისტორიული გამოცდილებისა და ტრადიციული პროფილის მიხედვით;
- უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა;
- 3+1 სისტემის დანერგვა (სწავლების ხანგრძლივობის შემცირება კონკრეტულად რომელ პრობლემას ჭრის, არსად არ წერია);
- საგანმანათლებლო ხარისხის მოწესრიგება (ეს ზოგადად წერია კონცეფციაში და არსად: არც კონცეფციაში და არც შემდგომ, არ გვინახავს კონკრეტულად ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებები, გეგმის სახითაც კი);
- თითოეულ სპეციალობაში ძირითადი და არჩევითი საგნების მკაცრი ლოგიკის საფუძველზე განსაზღვრა.
ცალსახაა, რომ ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპი არ არის დაცული. თბილისის საჯარო უნივერსიტეტებში არაერთი პროგრამა არის 2026-2027 აკადემიურ წელსაც დუბლირებული (ვვარაუდობთ, რომ ‘ფაკულტეტში’ რეფორმის ავტორები აკადემიურ პროგრამას გულისხმობდნენ). რამდენიმე მაგალითი (რომელთა შესახებ დასაბუთება არ მოგვისმენია).
- ასე მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 2025 წელს მიიღეს სტუდენტები გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე. 2026 წელს ისევ ორივე უნივერსიტეტს აქვს ეს პროგრამა ერთი განსხვავებით: ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ პროგრამას უკვე გამოყენებითი გეოლოგია ეწოდება (2025 წელს პროგრამას უბრალოდ გეოლოგია ერქვა).
- იგივე შემთხვევა გვხვდება არქიტექტურის პროგრამის შემთხვევაშიც: 2025 წელს ეს პროგრამა ამ დასახელებით იყო როგორც სტუ–ში ასევე სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2026 წელსაც ორივე უნივერსიტეტში არის გამოცხადებული მიღება ამ მიმართულებით, თუმცა სამხატვრო აკადემიაში მას სამოქალაქო და სივრცითი არქიტექტურა ჰქვია.
- კომპიუტერული მეცნიერება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი პროგრამა, არის როგორც თსუ–ში, ასევე სტუ–ში.
აღსანიშნავია, რომ ასევე არ მომხდარა არანაირი ანალიზი იმისა, რეალურად რამდენად იყო დუბლირებული პროგრამები. მაგალითად, როგორ დადგინდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა იყო იგივე, რაც თსუ–ში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა?
ამავე დროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება შეწყდა ისეთ პროგრამებზე, რომლებიც რეალურად უნიკალური იყო და და ანალოგი არ ჰქონდათ თბილისში და საქართველოშიც კი. მაგალითად გამოყენებითი ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (რომელიც არსად არ არის საქართველოში), ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (რომელიც ბათუმში და თელავშია, მაგრამ თბილისში არ არის).
ზოგადად, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 250 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა გაუქმდა (ანუ არ გამოცხადდა მიღება 2026-2027 სასწავლო წლისათვის).
პროგრამების ხანგრძლივობა შემცირდა დაახლოებით სამი თვის ვადაში. ზოგ საბაკალავრო პროგრამას დაუტოვეს 4 წელი მაგრამ არ წარმოდგენილა არანაირი დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს ამ საბაკალავრო პროგრამების შერჩევისას.
„თითოეულ სპეციალობაში ძირითადი და არჩევითი საგნების მკაცრი ლოგიკის საფუძველზე განსაზღვრა“ – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ მომხდარა. როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება მოხდა მექანიკურად – არ მომხდარა სასწავლო კურსების და მათი სილაბუსების შეფასება, აკადემიური პროგრამების კომპეტენციებთან დადარება.
უსისტემო საკადრო პოლიტიკის დახვეწა
რეფორმის ავტორები არ განმარტავენ, თუ რას გულისხმობენ ‘უსისტემო საკადრო პოლიტიკაში’ და ყურადღებას ამახვილებენ ლექტორთა შორის ფუნქციების არათანაბარ გადანაწილებაზე და რესურსების არასათანადო გამოყენებაზე. ასევე ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ დეფიციტურ პროგრამებზე არ მოიზიდებიან უცხოელი პროფესორები. თუმცა არ არის არსად განმარტებული, რომელი მიმართულებებია ასეთი დეფიციტური, სადაც საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა.
რა მივიღეთ?
ამ მიმართულებით ჯერ–ჯერობით ადრეა შეფასებების გაკეთება, რადგან ის ღონისძიებები, რაც კონცეფციაშია განხილული (სრულ განაკვეთზე პროფესორების დასაქმება, წამყვანი პროფესორების დანიშვნა, უცხოელი პროფესორების მოზიდვა) ჯერ არ განხორციელებულა. ერთი რამ, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ სწავლის ხანგრძლივობის შემცირება და აქედან გამომდინარე სასწავლო კურსების შეკვეცა უთუოდ გამოიწვევს აკადემიური პერსონალის შემცირებასაც (კურსები შემცირდება დაახლოებით 25-30%-ით).
სწავლებასა და კვლევებს შორის კავშირის გაძლიერება
რეფორმის ავტორები პრობლემად ასახელებენ იმას, რომ უნივერსიტეტებში აკადემიური კვლევის დონე არადამაკმაყოფილებელია და არ არის სწავლასა და კვლევას შორის სათანადო კავშირი.
კონკრეტული ქმედება, რაც წერია კონცეფციაში ამ პუნქტში (გარდა ზოგადი ჩანაწერისა კვლევითი დაწესებულებების გაძლიერებაზე და დაფინანსების ახალი წესის ამოქმედებაზე), არის ახალი სახელმძღვანელოების შექმნა.
რა მივიღეთ?
ამ მიმართულებით ჯერ ახალი არაფერი გაკეთებულა რეფორმის ფარგლებში. აკადემიური კვლევის დაფინანსებაზე საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით მშპ–ის 0.1 % იხარჯება (ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 0.7%-ია) და ბოლო მონაცემებით ეს მაჩვენებლი არ გაზრდილა.
რაც თვალნათლივ ჩანს, არის ის, რომ ილიაუნის უნივერსიტეტში ბევრი ისეთი აკადემიური პროგრამა გაუქმდა (შეწყდა მიღება), რა მიმართულებითაც უნივერსიტეტს ძალიან წარმატებული კვლევითი პოტენციალი ჰქონდა.
შრომის ბაზრის ანალიზი
შრომის ბაზრის მოთხოვნა ვერ იქნება უმაღლესი განათლების პოლიტიკის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. უმაღლესი განათლება უფრო ფართო ფუნქციას ასრულებს საზოგადოებაში, ვიდრე მხოლოდ სამუშაო ძალის მომზადება: იგი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, მოქალაქეობრივ ცნობიერებას, კვლევით პოტენციალს და ტრანსფერულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია ცვალებად შრომის ბაზარზე ადაპტაციისთვის. გარდა ამისა, არსებობს სპეციალობები, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ აისახოს შრომის ბაზრის მიმდინარე მოთხოვნაში, მაგრამ მათი განვითარება იყოს ეროვნული ინტერესის სფერო, სტრატეგიული საკითხი ან ეროვნული უსაფრთხოების თემა. შრომის ბაზრის ანალიზი ვერ მოგვცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ფილოსოფოსი, არმენოლოგი, სოციოლოგი თუ არქეოლოგი სჭირდება ქვეყანას.
შრომის ბაზრის პროგნოზირება მნიშვნელოვან დროითი აცდენის რისკს შეიცავს. განათლების მიღებასა და დასაქმებას შორის არსებული 3-4 წლიანი ჩამორჩენა ნიშნავს, რომ დღევანდელი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრები უკვე შეცვლილ ბაზარზე გავლენ. მაგალითად, თუ დღეს კვლევა ამბობს, რომ გვაკლია 1000 კოდირების სპეციალისტი და ჩარიცხვები გაიზრდება ამ მიმართულებით, ამ პერიოდში ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კოდირების 80% ავტომატიზებული გახადოს. გამოდის, სახელმწიფო მწირ რესურსს დახარჯავს იმ კადრების მომზადებაში, რომელთა პროფესიული ფუნქციები მათი გამოსვლის მომენტისთვის უკვე მოძველებული იქნება. ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ახალ პროფესიებს ქმნის და არსებულებს ცვლის ისეთი ტემპით, რომელსაც პროგნოზირების მოდელები, მით უფრო მცირე და გარდამავალ ეკონომიკაში, ვერ ეწევიან.
კვოტები მხოლოდ საჯარო უნივერსიტეტებზე ვრცელდება, ხოლო კერძო უნივერსიტეტები თავისუფალ რეჟიმში აგრძელებენ მიღებას. ამ პირობებში, კვოტებს ვერ ექნებათ შრომის ბაზარზე რეალური გავლენა.
მერვე, ანალიზში არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო შრომის ბაზრის ფაქტორი. საქართველოდან ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლის პირობებში, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირება არაადეკვატურია. თუ კვლევა აჩვენებს, რომ ბაზარს სჭირდება 1,000 ინჟინერი და უნივერსიტეტებმა ზუსტად 1,000 გამოუშვეს, ერთი შეხედვით ბალანსია; თუმცა, თუ ამ 1,000-დან 40% ევროპაში წავიდა სამუშაოდ, ქვეყანაში ისევ დეფიციტი რჩება. მიგრაციის ფაქტორის იგნორირება ნიშნავს, რომ ნებისმიერი მცდელობა, ბაზარი „შევავსოთ”, ჰგავს გაჟონვად ვედროში წყლის ჩასხმას. ამასთან, საქართველოს ეკონომიკა ღიაა და კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე, დისტანციურად ან მიგრაციის გზით — როცა კვლევა მხოლოდ შიდა ფორმალურ დასაქმებაზეა ორიენტირებული, ის ვერ ასახავს გლობალურ შრომით სივრცეში არსებულ რეალურ შესაძლებლობებს..
რა მივიღეთ?
ზოგ ისეთ პროგრამაზე, რომელზეც ძალიან გაიზარდა კვოტები, შეუვსებელი დარჩა ადგილები. ასეთებია, მაგალითად დიპლომირებული მედიკოსის პროგრამები თსსუ–ში, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებში.
დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება
დაფინანსების წესის ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო შედეგი არის ის, რომ სტუდენტებს არ უფინანსდებათ საერთოს კერძო უნივერსიტეტებში სწავლა. ამის სანაცვლოდ, დაახლოებით 17 ათას სტუდენტს უფასოდ სწავლის საშუალება ეძლევა საჯარო უნივერსიტეტებში.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში დაახლოებით 15 ათას სტუდენტს უფინანსდებოდა სწავლის საფასური სრულად, ან ნაწილობრივ როგროც საჯარო ასევე კერძო უნივერსიტეტებში, ამიტომ ის მტკიცება, რომ წელს პირველად ისწავლიან სტუდენტები უფასოდ, არ არის სიმართლე.
არ არის გამოქვეყნებული დაფინანსების ახალი წესის დეტალები. ცნობილია, რომ საჯარო უნივერსიტეტების დაფინანსება იქნება როგორც საბაზო, ასევე შესრულებაზე დაფუძნებული. საბაზო დაფინანსება გამოითვლება სხვადასხვა კომპონენტების გათვალისწინებით (სტუდენტების რაოდენობის ჩათვლით). სხვადასხვა პროგრამებსა და საფეხურზე დაფინანსების მოცულობა განსხვავებული იქნება (აქამდე ყველა პროგრამა ერთნაირად იყო განფასებული). როგორც სამინისტრო გვაუწყებს, სწორედ ახალი წესით გამოთვლილი საბაზი დაფინანსება შევა ძალაში ახალი სასწავლო წლიდან. რაც შეეხება შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას (რომელიც დამოკიდებულია კვლევით შედეგებზე, ხარისხზე, ინტერნაციონალიზაციაზე, რეგიონულ თანამშრომლობასა და ხელმისაწვდომიბის ზრდაზე).
რაც მნიშვნელოვანია, ამჟამად არსებული საბიუჯეტო მონაცემებით არ იცვლება ბიუჯეტიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების მთლიანი მოცულობა – დაახლოებით 170 მილიონი ლარი, რაც მშპ–ია მხოლოდ 0.2%-ს შეადგენს (ევროკავშირის ქვეყნების საშუალო 0.8 %). ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი პრაქტკულად არ შეცვლილა და არც მიმდინარე ‘მასშტაბური’ რეფორმის ფარგლებში არ გაზრდილა ჯერ–ჯერობით.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.
