პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შეფასებით, პარტიების აკრძალვის სარჩელში „საქართველოსთვის“ დამატებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ქვეყნის ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიცია აკრძალოს.
„სერიოზული შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ თანმიმდევრულად ვმონაწილეობდით ყველა არჩევნებში, რომელსაც პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად მივიჩნევთ. ჩვენი პარტია რჩება ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად, რომელიც ამჟამად წარმოდგენილია პარლამენტში. ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ამ ნაბიჯით ივანიშვილი ცდილობს, აკრძალოს ქვეყნის ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიაც კი ვერ აიტანა, რადგან კრიტიკული ხმისთვის საპასუხო არაფერი აქვთ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად“, — წერს გახარია X-ზე.
მისი თქმით, აკრძალავენ თუ არა, პარტია უკან არ დაიხევს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის დაცვის საქმეში.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ოცნების“ გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და განსხვავებული აზრის განადგურებას ისახავს მიზნად.
„მეტი მოტივაციითა და ენერგიით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებას ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – საქართველოს პარლამენტში, საკრებულოებში, ყველა პლატფორმაზე ჩვენი მანდატისა და შესაძლებლობების ფარგლებში. განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ჩვენს აკრძალვას ის ადამიანები ითხოვენ, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის აქტიური მსახურები იყვნენ და დღესაც პარლამენტში ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობენ და ყოველდღიურად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს“, — განაცხადა სიჭინავამ.
აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტია პარლამენტშიც შევიდა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა. „ოცნება” სწორედ ამ ფაქტორებით ხსნიდა, თუ რატომ არ ჩაწერეს ეს პარტია თავდაპირველ სიაში, თუმცა ახლა მაინც მოითხოვეს მისი აკრძალვა.
კითხვაზე, მოატყუეს თუ არა გახარიას პარტია, „ქართული ოცნების“ წევრი თენგიზ შარმანაშვილი პასუხობს:
„ჩვენ არაფერი არ მოვატყუეთ, ყველა გადაწყვეტილებას იღებს თავისით. რას მიჯერებ მე, კაცო? შენ შენი ტვინი ხომ გაგაჩნია, გააკეთე ის, რასაც აკეთებ! ჩემზეა დამოკიდებული, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? თუ ჩემზეა დამოკიდებული, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ამოიღეთ ფურცელი და ახლავე ჩაგაწერინებთ, რას ვისურვებდი, რომ თქვენ მიიღოთ ეგეთი გადაწყვეტილება”.
„ქართული ოცნება“ ასაკრძალი პარტიების სიას ამატებს გახარიას პარტიას „საქართველოსთვის”.
როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს „ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა.
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
- „კოალიცია ცვლილებისთვის“
- „ძლიერი საქართველო – ლელო“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს სარჩელის (ან წარდგინების) რეგისტრაციის დღიდან. იმავე კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს. საქმის განხილვის ვადას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი (ან შესაბამისი კოლეგია) არაუმეტეს 2 თვით ახანგრძლივებს.
თუმცა მიმდინარე წლის აპრილში „ოცნებამ” სიას „ფედრალისტები” დაამატა. სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.
ასეა ახლაც, გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.
„დაახლოებით იანვრისთვის გასდიოდა ვადა სარჩელის იმ წინა დამატებას და თხოვნა გვექნება სასამართლოსადმი, რომ იქნებ მოხერხდეს და ამავე ვადებში იქნას განხილული“, — თქვა შარმანაშვილმა.
