თბილისის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა და საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) მხრიდან ჰალიტ ემრე ილმაზმა მოაწერეს ხელი.
„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა. მახსოვს, ტრამვაის მშენებლობის შესახებ პირველი განცხადება რომ გავაკეთე, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც — როდის იქცევა ეს იდეა რეალობად? დღეს ამ კითხვას ვცემთ პასუხს და იდეიდან კონკრეტულ საქმეზე გადავდივართ“, — განაცხადა ღონისძიებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, პროექტი შედგება სამი ეტაპისგან და მოიცავს კონცეპტუალური პროექტის მომზადებას, დეტალური პროექტის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებს. სამივე ეტაპის ჯამური ვადა არის 36 თვე, ხოლო ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება დაგეგმილია შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.
„რასაკვირველია, ტრამვაის ერთი ხაზი დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებს ვერ მოაგვარებს და ამის თქმას არც ვაპირებთ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი. წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ. როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს. მთავარია, რა რჩება ამ პროცესის დასრულების შემდეგ“, — განაცხადა კალაძემ.
მან წარმატებები უსურვა თურქულ კომპანიას, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს პროექტის განხორციელებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციიღ. ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კილომეტრი, 11 გაჩერებით. პროექტის ბიუჯეტი 287 654 321 ლარია.
