ირაკლი კობახიძემ, მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასა და მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე დასმულ შეკითხვებზე.

მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ისიც მდინარაძის შემდეგ თანამდებობის დატოვებას და „სახლში წასვლას“ და ხომ არ მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის კითხვები პერიოდულად ისმება:

„ეს კითხვა სამ თვეში ერთხელ ისმება ხოლმე. მე ერთადერთ რამეს ველოდები, რომ სამ თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ გავრცელებული ხმების მიხედვით, მისი შესაძლო გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, ზურაბ პატარაძეს კანდიდატურა განიხილება, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არის „მარტივი ჩორტაობა“, რაც შედეგს ვერ მოიტანს.

აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტსა და კობახიძეს შორის მცირე სიტყვიერი კამათი მოჰყვა გამოყენებულ ლექსიკასთან დაკავშირებით. კობახიძის რეპლიკაზე, რომ „სწორი არ არის რუსული ტერმინებით საუბარი“, რესპონდენტმა მიუთითა, რომ სიტყვა „ჩორტაობა“ რუსული ტერმინი კი არა, არამედ ჟარგონია.

დასასრულს, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი პასუხისმგებელია საკუთარ თავზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მედიისგან ამავე შეკითხვას სამი თვის შემდეგაც ელოდება.