თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს ბიზნესმენ და ცხოველთა უფლებადამცველ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
ადვოკატ ლექსო სვიმონიშვილის თქმით, არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. მისივე განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს.
„პროკურატურა რომ იყოს დარწმუნებული, რომ თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი ჰქონდა, მას ბრალს წარუდგენდნენ იარაღის უკანონო ტარების გამო. ყველა ვარაუდი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ…
პროკურატურა არის ბრალდების მხარე და გამოაქვეყნა ის კადრები, რომელზეც თავად ჩათვალა, რომ მათ წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა, თუმცა საზოგადოებამ ნახა, რომ ამ კადრებში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩანს….
იარაღი არსად ჩანს და არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი… მათ ჰქონდათ ვარაუდი, რომ თამაზ ელიზბარაშვილს შესაძლოა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი და ამის საფუძველზე მათ შეეშინდათ და დატოვეს ტერიტორია, როგორც ისინი მიუთითებენ“, – ამბობს ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი.
ადვოკატის შეფასებით, ელიზბარაშვილი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, თუმცა სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებენ.
ბიზნესმენ და ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილს სამართალდამცველებმა ბრალდება ოფიციალურად 3 სექტემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი მუქარას ედავება.
იხილეთ ასევე:
