ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს.
საათობით მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთეს როგორც საქმის პროკურორმა, ისე ექს-პრემიერის ინტერესების დამცველმა.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები და ეჭვები ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით მოკლებულია უშუალო ფაქტობრივ საფუძველს.
საქმის პროკურორმა, მედეა ცირამუამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ექს-პრემიერმა საგამოძიებო უწყებას ვერანაირი ხელშესახები ან ახალი მტკიცებულება ვერ მიაწოდა.
„მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობოდა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც მიღებული აქვს სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მისი საჯარო წერილები და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტებს. ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მედეა ცირამუამ.
პროკურორის თქმით, საგამოძიებო უწყებამ ღარიბაშვილს დაუსვა ყველა ის კითხვა, რაც საქმის ინტერესებიდან გამომდინარეობდა, თუმცა გამოკითხვისას დადასტურდა, რომ ყოფილი პრემიერი უშუალო ფაქტების მოწმე ან კონკრეტული ინფორმაციის მფლობელი არ არის.
სრულიად განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი (და მისი მეუღლის და) ნათია თამაზაშვილი. მისი თქმით, ექს-პრემიერს ეჭვები და კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ციხეში ყოფნისას კონკრეტულ პუბლიკაციებს გაეცნო და მოგვიანებით ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოკითხვისას დაადასტურა ის გარემოებები, რაც მის საჯარო განცხადებებში იყო ასახული:
„ირაკლიმ თავისსავე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ის ფაქტები, რაც მისთვის იყო ცნობილი და გამოკითხვის შედეგადაც იგივე ფაქტები თქვა. მას კითხვები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მიიღო წერილი, სადაც აღნიშნული იყო დიტო ჩუბინიძის სტატია [გაზეთ ‘ასავალ-დასავალიდან’]. ამ სტატიაში ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა ირაკლი კობახიძეზე. მოგვიანებით, მან გაიგო ამ ადამიანის გარდაცვალების შესახებ, ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა და, შესაბამისად, საჯაროდ დასვა კითხვები. იმაზე მეტს, რაც წერილში ეწერა, ირაკლი, ბუნებრივია, ვერაფერს იტყოდა“, – განმარტა ადვოკატმა.
დაცვის მხარე ხაზს უსვამს, რომ ღარიბაშვილის მიზანი იყო არა გამოძიებისთვის უცნობი საიდუმლო წყაროების გამჟღავნება, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე იმ ეჭვების წამოწევა, რომლებიც პრესაში გამოქვეყნებული სტატიებისა და უფლებადამცველის მოულოდნელი სიკვდილის თანხვედრამ წარმოშვა.
სანამ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხავდნენ, თბილისში, დიღმის მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო უწყებამ იმ პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი სახეების გამოკითხვა დაიწყო, რომლებმაც სოციალურ ქსელში ექს-პრემიერის წერილს გამოეხმაურნენ.
გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ კოალიცია „ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და საზოგადოებრივი აქტივისტები. ნიკა გვარამიამ მედიასთან აღნიშნა, რომ საქმის დეტალებზე არაფერი იცის და მისი დაბარება მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა.
ამასთანავე, სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ, თაზო დათუნაშვილმა და ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა უარი თქვეს უშუალოდ პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემაზე და საგამოძიებო უწყებას განუცხადეს, რომ მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლო დარბაზში გამოიკითხებიან. ოპოზიცია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ გამოხატვაზე ზეწოლად და „დაშინების კამპანიად“ აფასებს, ხოლო მმართველი გუნდი ოპონენტებს ტრაგედიით მანიპულირებაში სდებს ბრალს.
