ბელარუსული დამოუკიდებელი გამოცემები იუწყებიან, რომ საქართველოში ბელარუსი ლევ მიხეევი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს 5 წლის მანძილზე, 2021 წლის აგვისტოდან ითხოვდა.

ბელარუსული გამოცემები, Nasha Niva, Belsat, Pozirk, ასევე რუსული დამოუკიდებელი პლატფორმა SOTA, წერენ, რომ ლევ მიხეევი საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და ბელარუსი მან 2020 წლის მოვლენების შემდეგ დატოვა. ის მარტყოფში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველოში დააკავეს.

ერთ-ერთი გამოცემა წერს იმასაც, რომ საქართველოში ყოფნისას მიხეევი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისგან (KGB) მუქარებსაც იღებდა ამასთან დაკავშირებით.

როგორც მედიაში წერენ, მიხეევი უწყებაში დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გასახანგრძლივებლად იყო მისული. დაკავების შემდეგ იგი თბილისში გადაიყვანეს და ამის შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა. კავშირის დაკარგვამდე მან მომხდარის შესახებ შეატყობინა უფლებადამცველ რომან კისლიაკს.

ნეტგაზეთი ცდილობს მიგრაციის დეპარტამენტში ინფორმაციის დადასტურებას და მათგან დამატებით სხვა დეტალების მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

მთავარ ფოტოზე: ლევ მიხეევი (მარცხნივ) და რომან კისლიაკი. ფოტო კისლიაკის პირადი არქივიდან, რომელიც მან გამოცემა Pozirk-ს მიაწოდა.