„ლელო“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ გადაწყვეტილებას ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდის შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად უკან დაიხია. ჩვენი და საზოგადოების მრავალი მოწოდების შემდეგ ქონების გადასახადის რეფორმა დააანონსა, მაგრამ როგორც ეს სჩვევია დილეტანტ „ოცნებას“, არაფერი კონკრეტული არ თქვა ამ რეფორმაზე. ზოგადად, ხელისუფლების ცვილებისას, ძირეულად შეიცვლება საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმა და გაუმჯობესდება, მაგრამ მანამდე, დღესვე, კონკრეტული საკითხები არსებობს, რამაც შეიძლება ძირეულად შეცვალოს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობა“, — განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თაზო დათუნაშვილმა.
კერძოდ, „ლელოს“ ხედვაა:
- ქონების გადასახადის წლიური 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწიოს 100 ათას ლარამდე;
- დღგ-ს გადახდის 100 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც 2005 წლიდან მოქმედებს, აიწიოს 500 ათას ლარამდე;
- საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვარი 300 ლარიდან ავიდეს 900 ლარამდე.
„ცალსახად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ბიუჯეტს არ დააკლდება ისეთი სახსრები, რომლის დაბალანსება, ანაზღაურება შეუძლებელია, რაც „ქართულ ოცნებას“ ხშირად არგუმენტად მოჰყავს ხოლმე. მაგალითად, 300-დან 900 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დარიცხული იმპორტის გადასახადი და დღგ ჯამში მხოლოდ 14 მილიონს შეადგენდა. 14 მილიონი ლარის კომპენსაცია ცალსახად შეიძლება სხვა ეკონომიებით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ნახავენ უდიდეს შვებას თავის ჯიბეზე. დღგ-ს გადასახადის ზღვრის აწევა 100-დან 500 ათას ლარამდე შეიძლება ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ აქაც საუბარია ბიუჯეტში 336 მილიონი ლარია დანაკლისზე. ეს დანაკლისი ძალიან მარტივად შეიძლება დაბალანსდეს“, — განაცხადა დათუნაშვილმა.
„ქართული ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავს.
ამის შესახებ „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადა.
დღეს მოქმედი კანონის თანახმად, ქონების გადასახადს ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში იხდის, თუ მისი ან ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება.
„ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავს
