მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი. ისინი 2024 წელს დააკავეს რუსული კანონის აქციების დროს.

2024 წელს, დაკავების დროს დანიელ მუმლაძე 22 წლის იყო, გურამ ხუტაშვილი კი 25-ის. დაკავებამდე არცერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა.

დანიელ მუმლაძესა და გურამ ხუტაშვილს ბრალი წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც ისინი ჰყვებიან, დანაშაულის ჩადენის მომენტში არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. შემთხვევის დღეს სამსახურიდან, რუსთაველის მიმდებარედ, ერთ-ერთი რესტორნიდან ერთად გამოვიდნენ. რუსთაველის გამზირზე ორი, შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანი შეხვდა, რომლებმაც უთხრეს, რომ აპირებდნენ 112-ის კუთვნილი ვიდეოკამერების დაზიანებას და დახმარება სთხოვეს. ნიღბიან უცნობებს თან ჰქონდათ კიბე, რომლის გამოყენებითაც სიმაღლეზე ასვლას აპირებდნენ. მუმლაძე და ხუტაშვილი დათანხმდნენ დახმარებას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ იმ ორი ნიღბიანი პირის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

მათი წარდგენილი ბრალი აღიარებული ჰქონდათ, თუმცა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა. მუმლაძის ოჯახი ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით პერიოდულად მიმართავდა.