უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთს ქვეყნისთვის საფრთხედ აღიარებს.

ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებშია ნათქვამი, რომესაც ხელს პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აწერს, რაც  მისი წინამორბედის,  ვიქტორ ორბანის პრორუსული პოლიტიკისგან მკვეთრ გადახვევას ნიშნავს.

დოკუმენტი განსაზღვრავს ბუდაპეშტის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს გაეროს გენერალური ასამბლეის მომავალი თვის სესიისთვის ნიუ-იორკში.

„რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის უნგრეთს, ევროპასა და გლობალურ წესრიგს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

უნგრეთის მთავრობამ ასევე ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვი „სერიოზულ საფრთეს“ უქმნის უკრაინის ზაკარპატიის რეგიონში მცხოვრებ უნგრულ უმცირესობას.

„უნგრეთი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღიარებულია კიევის თავდაცვის უფლება და მხარდაჭერილია მოლაპარაკებები „მდგრადი მშვიდობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებისკენ“.

2026 წლის გაზაფხულზე  ვიქტორ ორბანის  პარტიის არჩევნებში დამარცხებისა და უნგრეთში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა თანდათან შეცვალა ბუდაპეშტის საგარეო პოლიტიკა. მან ნაბიჯები გადადგა ბრიუსელთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მათ შორის მოხსნა უნგრეთის ვეტო ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც  უკრაინისთვის დახმარებას ითვალისწინებდა.

მიუხედავად ამისა, მადიარის მთავრობა კვლავ ეწინააღმდეგება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას და ცდილობს შეანელოს ბრიუსელსა და კიევს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემთხვევაში ჩატარდება რეფერენდუმი იმის დასადგენად, თანახმაა თუ არა უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის მიღებაზე.