სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის, კათოლიკოს გარეგინ II-სთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმების პროგრამა განიხილოს, თუ გარეგინ II ამ პროგრამას მიიღებს. როგორც Armenpress იტყობინება, ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

ბოლო თვეებში სომხეთის ხელისუფლებასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი ეკლესიის ხელმძღვანელობას პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებენ, ხოლო ეკლესია ხელისუფლებას ანტიეკლესიურ კამპანიასა და მის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების განხორციელებაში სდებს ბრალს. დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა დააკავეს ეკლესიასთან და ოპოზიციასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, ხოლო ფაშინიანმა კათოლიკოს გარეგინ II-ს თანამდებობის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდა.

„თუ გარეგინ II, ანუ ქტრიჩ ნერსისიანი, მიიღებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმების პროგრამას, ამ ტრიბუნიდან საზეიმოდ ვაცხადებ, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდები და ამ პროგრამას მთელი სათანადო პატივისცემით განვიხილავ. მე არასდროს მითქვამს, რომ არსებობენ “ჩვენიანები” და “არაჩვენიანები”. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმების პროგრამა მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: ქცევის წესები და ამ წესების დაცვის მკაფიო მექანიზმები. მოდით, ყველაფერი დანარჩენი გვერდზე გადავდოთ, გინდათ, მის უწმინდესობად მოიხსენიეთ, გინდათ – გარეგინ II-ედ, გინდათ – ქტრიჩ ნერსისიანად… ამ ყველაფრის გარდა, არსებობს ფაქტები, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქემ და ყველა მორწმუნემ იცის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ოპოზიციური ფრაქციის, „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელის, ნარეკ კარაპეტიანის განცხადებაზე საუბრისას, რომლის თქმითაც, სომხეთის მოქალაქეების 97% ეკლესიას ენდობა, ფაშინიანმა განაცხადა:

„ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 97%-ს ეკლესიის სჯერა. რა თქმა უნდა, სჯერათ. პრობლემა სწორედ ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 97%-ს სჯერა, ეკლესიის მეთაურს კი საერთოდ არ სჯერა ღმერთის, მას სულიერი ცხოვრება არ აქვს, მან ღმერთის წინაშე დადებულ აღთქმაზე უარი თქვა და ეს განდგომა ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. მე მზად არ ვარ, ამ განდგომაზე პასუხისმგებლობა ვიკისრო“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ეკლესიის რეფორმა მთავრობის პროგრამაში

სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამაში ასევე შედის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმა.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიის რეფორმირება სასიცოცხლოდ აუცილებელია ღირებულებებზე დაფუძნებული სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბების ამოცანის გადასაჭრელად.

მთავრობის პროგრამის თანახმად, რეფორმის მიზანია ეკლესიის კანონიკურ წესრიგთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი პოლიტიზაციის თავიდან აცილება.

კერძოდ, პროგრამაში გათვალისწინებულია:

  • სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ფაქტობრივი ხელმძღვანელის გადაყენება და კათოლიკოსის არჩევნების დადგენილი წესით ჩატარება;
  • ეკლესიის წესდების მიღება, რომელიც განსაზღვრავს დადგენილი პრინციპების დაცვის მექანიზმებს, ფინანსურ გამჭვირვალობასა და სასულიერო პირების სათანადო ქცევას;
  • სრულიად სომეხთა კათოლიკოსის არჩევნების დადგენილი წესით ჩატარება.

მთავრობის პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ასევე აიღებს ვალდებულებას, სასულიერო პირები სოციალური გარანტიების სახელმწიფო სისტემაში ჩართოს და ეკლესიის დაფინანსების გამჭვირვალობა უზრუნველყოს.