24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინისთვის 6,1 მილიარდი ევროს მოცულობის ახალი თავდაცვითი შესყიდვები დაამტკიცა.

ევროკომისისს ცნობით, ეს დაფინანსება მოიცავს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, საბრძოლო მასალასა და რადარებს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ევროპის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვასა და მედეგობას რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინააღმდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: „უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა შეურყეველი და კონკრეტულია. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6,1 მილიარდი ევრო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. ვინაიდან რუსეთი აძლიერებს შეტევებს, ჩვენ ვზრდით ძალისხმევას, რათა უკრაინას დავეხმაროთ საკუთარი ხალხის დაცვასა და ცის დაფარვაში. ევროპა უკრაინის გვერდით დგას და ჩვენ მივაწვდით მას იმას, რაც სჭირდება, მაშინ, როდესაც დასჭირდება.“

დაფინანსება, რომელიც 90 მილიარდი ევროს მოცულობის უკრაინის მხარდაჭერის სესხის (Ukraine Support Loan – UASL) ნაწილია, გამოიყო რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების ესკალაციის ფონზე. მხოლოდ ივლისში დაფიქსირებული 376 სარაკეტო დარტყმის პირობებში, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება სულ უფრო გადაუდებელი საჭიროება გახდა.

შესყიდვების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვის კომპანიების პროდუქციას მოიცავს. რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიულძრავიანი დრონების ინტენსიური გამოყენების გათვალისწინებით, კომისია ხაზს უსვამს ევროკავშირიდან მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობას არსებული მარაგების გამოყენების, შეკვეთების პრიორიტეტების შეცვლისა და წარმოების გაფართოების გზით.

“უკრაინის თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი თავდაცვითი პროდუქტების სწრაფ ხელმისაწვდომობაზე. UASL ითვალისწინებს 30 მილიარდ ევროს საბიუჯეტო დახმარებისთვის და 60 მილიარდ ევროს თავდაცვისთვის 2026-2027 წლებში, მათ შორის 28,3 მილიარდ ევროს 2026 წელს უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიული პოტენციალის გასაძლიერებლად”, – აცხადებენ კომისიაში.

შემდეგი ნაბიჯები

უკრაინას შეუძლია მოითხოვოს გადახდები თავდაცვის კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების წარდგენის გზით. თანხების გაცემამდე კომისია განიხილავს ამ ხელშეკრულებებს, რათა უზრუნველყოს ფინანსური დახმარების მიზნობრივი გამოყენება იმ შესყიდვებისთვის, რომლებიც შეთანხმებულია წევრ სახელმწიფოებსა და კომისიასთან.

კონტექსტი

2026 წლის თებერვალში ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ მიიღეს რეგულაცია (EU) 2026/467, რომლითაც შეიქმნა უკრაინის მხარდაჭერის სესხი, რაც უკრაინისთვის 90 მილიარდ ევრომდე დახმარების გაწევას ითვალისწინებს. ამ მხარდაჭერას აქვს ორი ურთიერთშემავსებელი კომპონენტი: უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და თავდაცვითი ინდუსტრიული პოტენციალის გაძლიერება, და სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების, საჯარო სერვისებისა და ეკონომიკური მედეგობის შენარჩუნების მხარდაჭერა.

2026 წლის მარტში უკრაინის მიერ დაფინანსების სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, საბჭომ 2026 წლის 23 აპრილს მიიღო განმახორციელებელი გადაწყვეტილება, რომლითაც 2026 წლისთვის გამოიყო 45 მილიარდ ევრომდე. ეს მოიცავს 16,7 მილიარდ ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის, რომელიც თანაბრად ნაწილდება „უკრაინის ინსტრუმენტსა“ (Ukraine Facility) და მაკროფინანსურ დახმარებას შორის (თითოეული 8,35 მილიარდ ევრომდე), და 28,3 მილიარდ ევროს თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობებისთვის.

თავდაცვის კომპონენტი ორიენტირებულია უკრაინის თავდაცვითი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ბაზის აღდგენასა და მოდერნიზაციაზე, ამავდროულად მხარს უჭერს მის ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროპის თავდაცვით ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ ბაზაში.

“დაფინანსების შესახებ ყველა გადაწყვეტილება პასუხობს უკრაინის ცვალებად საჭიროებებს და ექვემდებარება შეთანხმებულ პირობებსა და მონიტორინგს. 2022 წლიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას ჯამში 220,2 მილიარდი ევროს მოცულობის მხარდაჭერა აღმოუჩინეს, მათ შორის 3,8 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან”, – აცხადებენ კომისიაში.