“გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე – ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან! მიზეზი – გასაგებია”, – ეს განცხადება სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა გამოაქვეყნა.
ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს.
“ვინ იქნება შემდეგი?”, – დაწერა ლილი გელაშვილმა.
ადვოკატმა ნეტგაზეთს დამატებით განუცხადა, რომ სანამაშვილი იურისტია და პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა. მას საჯარო სექტორში მუშაობის 20-წლიანი სტაჟი აქვს ისე, რომ შენიშვნაც კი არ მიუღია.
ადვოკატი მომხდარს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირებს. როგორც ცნობილია, ექსპრემიერმა ბოლო პერიოდში 3 განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით შანტაჟსა და ზეწოლაზე ისაუბრა ახალი დანაშაულის თავის თავზე აღების მიზნით.
ნეტგაზეთი ცდილობს საჯარო უწყებიდან საპასუხო კომენტარის მოპოვებას, რის შემდეგაც სტატია განახლდება.
ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი განცხადების გავრცელებას კვლავ აპირებს, თუმცა დრო უცნობია.
