ცხინვალი ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებას ამარტივებს და გამშვები პუნქტის გახსნას კვირაში ოთხჯერ გეგმავს. ცხინვალის ცნობით გადაადგილების რეჟიმი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე იცვლება.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მარატ კამბოლოვმა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომის შედეგების შესახებ საკუთარ Telegram-არხზე დაწერა.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთის საკითხს მოქალაქეები არაერთხელ აყენებდნენ მასთან პირადი შეხვედრების დროს, ოჯახური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად.

„ყოველი ასეთი მიმართვის უკან კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციები დგას: მშობლების, შვილებისა და ახლობლების ნახვის შესაძლებლობა. დავავალე КГБ-სა და МВД-ს ამ საკითხზე მუშაობა. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების მიმართვებს კონკრეტული გაგრძელება მოჰყვეს. ამასთან, ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი სასაზღვრო ტერიტორიების მცხოვრებთა უსაფრთხოება უპირობო პრიორიტეტად რჩება“, – თქვა კამბოლოვმა.

აქვე ოსური მედია გამშვები პუნქტების მუშაობის ახალ გრაფიკს აქვეყნებს:

ახალგლრის რაიონში მდებარე გამშვები პუნქტი „რაზდახანი“ კვირაში ოთხი დღე – ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას, 08:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.

ჯავის რაიონში მდებარე გამშვები პუნქტი კი, კვირაში სამი დღე – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, 08:00-დან 18:00 საათამდე იქნება გახსნილი.

ცვლილებები, როგორც ოსური სააგენტო “რეს”-ი წერს, ძალაში შესაბამისი დადგენილების სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღების შემდეგ შევა.