ეროვნული კინოცენტრის ფილმი „ცრემლსადენი გაზის“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენების დაბლოკვის მცდელობასთან დაკავშირებით, რეჟისორ უტა ბერიას განცხადებას პასუხობს.

კინოცენტრი ადასტურებს, რომ ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობა არ გასცა, თუმცა ამბობს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.

კინოცენტრის თანახმად, ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი.

„ეროვნულ კინოცენტრს საპროდიუსერო კომპანია შპს „1991 ფროდაქშენსის“ დირექტორმა წერილით აცნობა, რომ ფილმი ნაჩვენები იქნებოდა ლოკარნოს ფესტივალის სექციაში „Cineasti del Presente“, საპროდიუსერო კომპანიის მიერ მოთხოვნილი იყო ჩვენებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრის პოზიციის დაფიქსირება. ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.

აღნიშნული გარემოება ეროვნულმა კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას. აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე“, — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

კინოცენტრის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენება შედგა 2026 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ეროვნულმა კინოცენტრმა საპროდიუსერო კომპანიას წერილი 2026 წლის 24 ივლისს გაუგზავნა, რაც „სრულიად საკმარისი დრო იყო საპროდიუსერო კომპანიის მიერ ეროვნულ კინოცენტრში დასრულებული ფილმის წარმოდგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით საჯარო ჩვენების უფლების მოპოვებისთვის“.

რეჟისორმა უტა ბერია განაცხადა, რომ კინოცენტრმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენების ჩაშლა სცადა.

მისი თქმით, 2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმის წარმოების პროცესში არ გასცა და მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.

„ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება და ლოკარნოზე პრემიერის წინ კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება. შემდეგ გაირკვა, რომ მათ ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი, რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ, ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა“, — დაწერა ბერიამ სოციალურ ქსელში.

ფილმი, სახელწოდებით „ცრემლსადენი გაზი“, მოგვითხრობს ელენესა და ანდროს სიყვარულის ისტორიას. ისინი ათასობით დემონსტრანტს შორის ხვდებიან ერთმანეთს. რეჟისორმა მხატვრული კადრების ნაწილი თბილისში, რეალური საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას გადაიღო.

ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას მხატვრული ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგა სექციაში Cineasti del Presente და დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო.

უტა ბერიამ პრიზის მიღებისას განაცხადა, რომ ჯილდოს სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს უძღვნის.

 

რეჟისორის თქმით, კინოცენტრმა ლოკარნოს ფესტივალზე პრიზიორი ფილმის ჩვენების ჩაშლა სცადა