რეჟისორი უტა ბერია ამბობს, რომ კინოცენტრმა ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენების ჩაშლა სცადა.
მისი თქმით, 2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმის წარმოების პროცესში არ გასცა და მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.
„ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე, ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება და ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება. შემდეგ გაირკვა, რომ მათ ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი, რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ, ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ხელს უნდა უწყობდეს ქართული კინოს განვითარებას, საპირისპიროს აკეთებს. ჯერ ეცადნენ, რომ ფილმი ვერ დამესრულებინა და ახლა ცდილობენ, მაყურებლამდე არ მივიდეს. ჩემი კოლეგების უმრავლესობას დღეს ფილმების გადაღების შესაძლებლობა არ აქვს, ოკმელა და ანდრო ისევ ციხეში სხედან უსამართლოდ! ამ დროს ინსტიტუციას, რომელიც ქართულ კინოს მხარს უნდა უჭერდეს, მართავენ ადამიანები, რომლებმაც ცენზორის როლი მოირგეს!“, — წერს უტა ბერია.
მისი თქმით, „ცრემლსადენ გაზზე” მუშაობის პროცესი ძალიან რთული, ხანგრძლივი და საინტერესო იყო და ერთი სული აქვს, როდის იხილავს ფილმს ქართველი მაყურებელი.
ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას მხატვრული ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში Cineasti del Presente წარსდგა და დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო.
უტა ბერიამ პრიზის მიღებისას განაცხადა, რომ ჯილდოს სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს უძღვნის.
ფილმი სახელწოდებით „ცრემლსადენი გაზი“ მოგვითხრობს ელენესა და ანდროს სიყვარულის ისტორიას. ისინი ათასობით დემონსტრანტს შორის ხვდებიან ერთმანეთს. რეჟისორმა მხატვრული კადრების ნაწილი თბილისში, რეალური საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას გადაიღო.
