ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, რომ ექსპრემიერის განცხადებები არ დასრულებულა.

“ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება, გაგრძელდება [განცხადებები] დაველოდოთ”, – თქვა ლილი გელაშვილმა, რომელმაც ღარიბაშვილი საპატიმროში მოინახულა.

17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გავრცელა. ექს-პრემიერი აცხადებდა,  რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის მთავრობაში ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, მიმდინარე წლის იანვრიდანაა პატიმრობაში.

საქართველოს პროკურატურამ ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ღარიბაშვილს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეორე დღეს, ანუ 18 აგვისტოს ღარიბაშვილმა მეორე განცხადებაც გაავრცელა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „იძულებულს ხდიან“, დაიწყოს ბრძოლა.

18 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილი აღარ ახსენებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით,  Facebook-ზე 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით“ შესთავაზა საკუთარი ხედვა.

წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.