„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს უკავშირებს კობახიძე-მდინარაძის გუნდის მიერ კორუფციასთან ბრძოლას.

„მოდით, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, თავს შევიკავებ. პატიმრობაში მყოფი კაცია და ახლა ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება შეტევაზე გადასვლა. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებდი და ვერც რაღაც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ“, — განაცხადა მდინარაძემ.

მან ისაუბრა „წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს“.

მდინარაძის თქმით, რამდენ რეგიონშიც ჩავიდა, ყველგან დახვდა რამდენიმე პროექტი — ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, ზოგან გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული — რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია ან უხარისხოდ არის გაკეთებული.

„ვაფრთხილებ, რომ ასე მარტივად და ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ და დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული… ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა. ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც და კორუფციასთან ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან… როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და უსაფუძვლო, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე შევეცდები დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ასეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“, — განაცხადა მდინარაძემ.

17 აგვისტოს ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გავრცელა. ექს-პრემიერი აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ღარიბაშვილმა მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას დააკისრა და მომდევნო დღისთვის ვრცელი წერილის გამოქვეყნება დააანონსა.

თუმცა 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პატარა წერილში ირაკლი ღარიბაშვილი აღარ ახსენებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ნაცვლად ამისა, განცხადებაში მამუკა მდინარაძის სახელი არის ნახსენები – ღარიბაშვილის თქმით, 17 აგვისტოს Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით“ შესთავაზა საკუთარი ხედვა.

წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა. ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „იძულებულს ხდიან“, დაიწყოს ბრძოლა.

„იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ – ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან