რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის დატოვა პოსტი გიორგი ქაჯაიამ.
„განახლებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ გაქვთ. ამ ეტაპზე ვაკანტურია ეს ადგილი. ბატონმა ქაჯაიამ სხვა სფეროში გადაინაცვლა და საკუთარი ნებით დატოვა ეს თანამდებობა“, — განაცხადა კობახიძემ.
გიორგი ქაჯაია 2024 წლის მარტში დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე. მან ჩაანაცვლა ზურაბ აბაშიძე, რომელიც მანამდე, 12 წლის განმავლობაში, იკავებდა აღნიშნულ პოსტს და ე.წ. პრაღის ფორმატში პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გრიგორი კარასინთან. ქაჯაიას აქტივობებისა და რუსეთთან დიალოგის ფორმატის გაგრძელების შესახებ არაფერია ცნობილი.
ქაჯაია მანამდე იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. გიორგი ქაჯაია ასევე მუშაობდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მრჩევლად.
ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში
