აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი დაიბარა.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში APA-ს განუცხადეს, შეხვედრაზე რუსეთის მხარეს გადაეცა აზერბაიჯანის სერიოზული შეშფოთება და მკაცრი პროტესტი რუსეთის მედიასა და საინფორმაციო სივრცეში ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის, აზერბაიჯანელი ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2026 წლის 13 აგვისტოს პროექტ „Чистота понимания“ [გაგების სიცხადე] ფარგლებში გასულ გადაცემაში აზერბაიჯანის, მისი ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე.
ასევე საუბარი შეეხო 7 აგვისტოს რადიო „სპუტნიკის“ ეთერში გაჟღერებულ განცხადებებს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეყვანის შესახებ, ასევე 9 აგვისტოს YouTube-ზე და 16 აგვისტოს ტელეარხ „სპასზე“ გამოქვეყნებულ მასალებს, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელ და პროვოკაციულ განცხადებებს შეიცავდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შესაძლებლობების განხილვა, ასევე აზერბაიჯანელი ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდებები მიუღებელია.
უწყების განცხადებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მსგავსი რიტორიკის კიდევ უფრო მკაცრი ფორმით გაგრძელება, მიუხედავად აზერბაიჯანის მხარის არაერთი მოწოდებისა, შეწყდეს მსგავსი საქმიანობა, და ამ საკითხის სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე განხილვისა.
შეხვედრაზე რუსეთის მხარეს კიდევ ერთხელ გადაეცა აზერბაიჯანის მოთხოვნა, დაუყოვნებლივ და ეფექტიანად მიიღოს ზომები რუსეთის საინფორმაციო და მედიასივრცეში აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული, მუქარის შემცველი და ძალადობრივი რიტორიკის შესაწყვეტად.
