„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო სტრატეგიული ობიექტები მარაგდება.
ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ბესო შენგელიამ დღეს, 18 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნული ომში ჩართვად და მტრისთვის იარაღის მიწოდების ტოლფას ქმედებად შეაფასა.
მის თანახმად, საქართველოდან გასული საწვავით მარაგდება სამხედრო სტრატეგიული ობიექტები:
- რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში, სამხედრო ნაწილი #09322, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში პირველივე დღიდან მონაწილეობს და რამდენიმე მოტომსროლელი ბრიგადა ჰყავს გაგზავნილი ომში;
- რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დივიზია და საზღვაო ფლოტი, რომელიც განლაგებულია ოჩამჩირეში. ქართული საწვავი პირდაპირ ისხმება FSB-ს „სობოლისა“ და „მანგუსტის“ ტიპის სამხედრო კატარღებში, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში მოქმედებს;
- გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომი ქართული საწვავით ფუნქციონირებს;
- წაბალთისა და ნაგვალოუს პოლიგონები, სადაც ამ საწვავით ოკუპანტების ძირითადი საბრძოლო წვრთნები ტარდება.
დარჩენილ 15%-დან 10%-ს, ენმ-ს ცნობით, დე-ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ეცილებიან ერთმანეთს, ხოლო 5%-ის ხელში ჩასაგდებად გალის მილიციის უფროსი ბადრი ჯიკირბა და გაის ხელმძღვანელი ასტამურ ტანია იბრძვიან.
„აქ არის ყველაზე დიდი უზნეობა და ღალატი — საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, სადაც შეყვანილი არიან საქართველოს მოქალაქეების მკვლელები და ოკუპანტები, ხოლო „ქართული ოცნება“ საწვავს უსხამს გიგა ოთხოზორიას მკვლელს, რაშიდ კანჯი-ოღლის და მისნაირ დამნაშავეებს. არცერთი ლიტრი საწვავი რიგით მოქალაქემდე უფასოდ ან პირდაპირი წესით არ მიდის. ადგილობრივებს საწვავის ყიდვა მხოლოდ შავ ბაზარზე შეუძლიათ, რომელსაც სწორედ ჯიკირბასა და ტანიას დაჯგუფებები აკონტროლებენ და საწვავის ერთი ლიტრის ფასი შეადგენს 130-დან 240 რუსულ რუბლამდე, რაც ეროვნულ ვალუტაში 4 ლარიდან 6 ლარ-ნახევრამდე მერყეობს“ — განაცხადა ბესო შენგელიამ.
მისივე მტკიცებით, დგინდება საწვავის გამყიდველი კომპანია „ქონექთის“ სავარაუდო კავშირი ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან.
„ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო აგრესიის პირდაპირი ხელშეწყობა, ჩვენი გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. ჩვენ დღეს მკაფიოდ და პრინციპულად ვაყენებთ შემდეგ საკითხს — დაუყოვნებლივ შეჩერდეს ბუნდოვანი დანაშაულებრივი სქემა და ასევე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მტრულად განწყობილი უცხო სახელმწიფოს სამხედრო ძალების უკანონო მომარაგების და ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის ფაქტზე“, — დასძინა შენგელიამ.
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთში საწვავი ბიზნესმა მთავრობის თანხმობით შეიტანა და „ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით“. მან კატეგორიულად უარყო რუსეთის მომარაგება.
„ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ და ისტერიული კამპანია იყო ზოგადად, იმიტომ, რომ ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ ნდობის აღდგენის პროცესი. რაც შეეხება „რუსეთის მომარაგებას“… რუსეთის მოხმარება რაც არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ამის 0,001%-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში. რუსეთისთვის არარელევანტურია საწვავის ის მოცულობა, რომელიც შევიდა ჩვენს რეგიონში, აფხაზეთში. თვითონვე მიხვდნენ ამას და შემდეგ გვარამია, რომელიც შეიძლება ბარამიძეზე ცოტა უფრო ჭკვიანია, გამოვიდა და თქვა, რომ რუსეთს კი არ ვამარაგებდით, არამედ ბაზა მარაგდებოდა აქედანო. თუმცა გვარამიაც ისეთივე სულელი აღმოჩნდა, როგორც ბარამიძე, იმიტომ რომ გვარამიასაც ჰგონია, რომ ბორბლებზე დგას ბაზა და აქეთ-იქით გადაადგილდება ბენზინით“, — განაცხადა კობახიძემ.
აფხაზეთში საწვავის კრიზისის ფონზე, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში საწვავის შეტანა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი საქართველოს სახელმწიფოს არ შეუტანია და ეს ბიზნესმა გააკეთა.
მოგვიანებით „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების ნებართვა ირაკლი კობახიძის 11 აგვისტოს დათარიღებული განკარგულებით გაუგრძელდა. „სოლიდუსმა“, თავის მხრივ, საწვავი „რეპსოლისგან“ (ქონექთი) იყიდა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამბობს, რომ საწვავის შეტანისთვის ხელი არ შეუშლიათ. და რომ აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებმა „შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა“.
რაც შეეხება მოცულობას, ირაკლი კობახიძის მონაცემებით უკვე შესულია 680 ტონა საწვავი. მისი თქმით, ეს ძალიან დიდი მოცულობა არ არის, თუმცა საკმარისია ჰუმანიტარულ კრიზისზე რეაგირებისთვის. მან დააანონსა, რომ საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ შევა.
