ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც ის გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით კრიტიკულ გამოხმაურებებს უპასუხა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ და შეფასებამ საზოგადოებაში სერიოზული დისკუსია გამოიწვია და „განსაკუთრებით საყურადღებო იყო მცდელობები, 2008 წლის მოვლენების შეფასებასთან ერთად, ერეკლე მეორის ისტორიული გადაწყვეტილებებიც დღევანდელი პოლიტიკური და იდეოლოგიური პოზიციებიდან განხილულიყო“.

„სწორედ ამ განცხადებებისა და მათ ირგვლივ განვითარებული დისკუსიის ფონზე მიმაჩნია აუცილებლად, ისტორიული და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინტერესებზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბედს განსაზღვრავდა და განსაზღვრავს“, — თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ საერთაშორისო პოლიტიკას ილუზიების გარეშე შევხედოთ, რადგან „სახელმწიფოები მეგობრობენ, თანამშრომლობენ და პარტნიორობენ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ეს მათ ინტერესებს შეესაბამება“.

„ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თუ ჩვენს წარსულს, კონკრეტულად კი, იმ პერიოდს გადავავლებთ თვალს, როდესაც ერეკლე მეორეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება უწევდა, ნათლად დავინახავთ იმ უმძიმეს, ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელშიც მაშინ ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმყოფებოდა. მრავალწლიანი და უმძიმესი დაპირისპირებების შედეგად სპარსეთთან, ოსმალეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, არამხოლოდ ქართული სახელმწიფო, არამედ თვით ქართველი ერი იდგა განადგურების რეალური საფრთხის წინაშე. საქართველო მუდმივი თავდასხმების, ომებისა და პოლიტიკური წნეხის პირობებში არსებობდა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ და დემოგრაფიულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. სწორედ ამ ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ქრისტიანობა ქართველი ხალხისთვის, როგორც წარსულში, ისე დღესაც, ეროვნული და კულტურული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო და არის.

საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ხსნა მათთვის ამოსავალი წერტილი სულაც არ ყოფილა, ისევ და ისევ ქრისტიანობის და არაერთი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო. როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არამხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც, რასაც ყველაზე უკეთ ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღეს საქართველო თვითმყოფადი, ქრისტიანულ ფასეულობებზე, ეროვნულ ფესვებსა და ტრადიციულ ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანაა. მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. სწორედ ეს არის ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯების დღევანდელი გადასახედიდან კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, „მისი გადაწყვეტილება, ისევე როგორც არაერთი სხვა პოლიტიკური ნაბიჯი, შეიძლება შეფასდეს როგორც გონივრული და მეტიც, გენიალური სახელმწიფოებრივი სვლა“.

„ერეკლე მეორის ყველაზე აქტიური კრიტიკოსები დღეს თავს პროევროპულად განწყობილ მოქალაქეებად და მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ და ხშირად ისე მსჯელობენ, რომ არათუ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, არამედ, ევროპის არსებობაც კი ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ. სინამდვილეში კი, თუ ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ, სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა. იმ კონკრეტულ, სამწუხარო ისტორიულ ვითარებაში, რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო“, — თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ერეკლე მეორის სიცოცხლეში გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები სრულდებოდა და ამ ხელშეკრულებამ ქვეყანა გადაარჩინა 20 წლის განმავლობაში. ამ განცხადებამ რიგი ისტორიკოსების — კრიტიკა და პრორუსი აქტორების მოწონება დაიმსახურა.

გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს გაფორმდა რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. შეთანხმებით მოსკოვმა აიღო ვალდებულება ქართლ-კახეთის დაცვაზე, თუმცა, როცა ამის საჭიროება გაჩნდა, 1795 წელს, რუსეთმა მარტო დატოვა ერეკლე II და მისი არმია აღა მაჰმად ხანის ლაშქრის წინააღმდეგ.

1801 წელს რუსეთმა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის შეერთებაზე – შეთანხმება ასეთ რამეს არ ითვალისწინებდა. გარდა ამისა, შეთანხმების მორიგი დარღვევით, 1811 წელს რუსეთმა გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც, ტრაქტატის მიხედვით, ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო.

კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა