პრორუსი პოლიტიკოსი და მოსკოველი ბიზნესმენი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძეს აქებს გეორგიევსკის ტრაქტატზე გაკეთებული განცხადების გამო.
ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ერეკლე მეორის სიცოცხლეში ტრაქტატის პირობები სრულდებოდა და რომ ამ ხელშეკრულებამ ქვეყანა გადაარჩინა 20 წლის განმავლობაში.
მამუკა ფიფიას განცხადებით, საქართველოს რუსეთთან დღესაც სჭირდება გეორგიევსკის ტრაქტატის შეთანხმება.
“მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის ისტორიულ როლზე.
მიხარია, რომ დღეს ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ რეალობას აცნობიერებს, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ხმამაღლა ვსაუბრობდი.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ, თელავში, მეფე ერეკლე მეორეს ძეგლთან, ჩვენმა პარტიამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება „ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი“. მაშინ ჩვენი საზოგადოების ლიბერალურმა ნაწილმა ეს განცხადება ზედაპირულად და პირდაპირი მნიშვნელობით მიიღო, რამაც მათი მხრიდან ჩვეული, ვიწრო პოლიტიკური კრიტიკა გამოიწვია.
თუმცა, რეალურად ეს იყო პირობითი დასახელება. მე მხედველობაში მქონდა და დღესაც ვგულისხმობ სრულიად ახალ, ყოვლისმომცველ და რაც მთავარია — თანასწორუფლებიან ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის რეალური გარანტიებისთვის.
ეს პოზიცია მე მოგვიანებით საერთაშორისო ასპარეზზეც, სააგენტო TASS-თან ბრიფინგზე დავაფიქსირე. დრომ აჩვენა, რომ ჩვენი ხედვა იყო წინმსწრები და ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის გადასარჩენად. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს სიმართლე სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება აშკარა”, – წერს ფიფია.
მამუკა ფიფია არის ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიის — „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ — ერთ-ერთი ლიდერია. იგი საჯარო სივრცეში ძირითადად ცნობილია კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებებით. მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში. ფიფიას სახელი ასევე ფიგურირებდა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეში, სადაც ფიფია დაცვის მხარის მოწმედ მოიაზრებოდა და ღიად დასტურდებოდა ფარცხალაძესთან მისი კავშირები. ცოტა ხნის წინ ფიფიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსეთის სამხედრო ფორმით ვარჯიშობს რუსულ ტანკზე და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება რუსეთის მიერ წარმოებულ ომში წავა.
