რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში პარკირებით სარგებლობა უფასოა, ამავე გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელებში კომერციული ფართების მოიჯარეები კი გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რუსთაველის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში ფუნქციონირებს კომერციული ფართები, რომლებიც გაცემულია იჯარით. სარეაბილიტაციო პროცესში ეს ადამიანები განთავისუფლებული იქნებიან საიჯარო გადასახადისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია რუსთაველის გამზირის N37-ზე, N1 გიმნაზიის წინ, ოპერასთან და თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება პარკირების საკითხს, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დროებით გათიშულია მთაწმინდის 28 ქუჩაზე.
პარკირებით სარგებლობა უფასოა: თაბუკაშვილის, ვაჩნაძის, შენგელაიას, ლეონიძის, სულხან-საბას, ინგოროყვას, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას, აბაშიძის, ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ჟვანიას, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო. კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
