სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების – ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანი ბლოკ „აიასტანის“ („სომხეთი“) და ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანი ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატები პირველსაყდარ ეჩმიაძინს ეწვივნენ, რათა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II კურთხევა მიეღოთ. ინფორმაციას ეჩმიაძინის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე გარეგინ II არ მიიწვიეს, რაც ეჩმიაძინის შეფასებით, სომხეთის კანონმდებლობის დარღვევა იყო. ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებმა კათოლიკოსთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ ეჩმიაძინში სწორედ მისი კურთხევის მისაღებად ჩავიდნენ.

ფრაქცია „აიასტანის“ ხელმძღვანელმა ანნა გრიგორიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების „ანტიეროვნული კამპანიის“ პირობებში, როდესაც ქვეყნის ისტორიაში პირველად კათოლიკოსის მიმართვა, ლოცვა და კეთილი სურვილები პარლამენტის საინაუგურაციო სხდომაზე არ გაჟღერდა, ოპოზიციამ საჭიროდ ჩათვალა „ამ უსამართლობის გამოსწორება“.

თავის მხრივ, გარეგინ II-მ დეპუტატები დალოცა. მისი თქმით, „ცნობილი მიზეზების გამო“ მას არ მიეცა შესაძლებლობა, დამკვიდრებული წესისა და ტრადიციის შესაბამისად, პარლამენტის პირველ სხდომაში მონაწილეობა მიეღო.

შეხვედრაზე კათოლიკოსმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სომხეთი როგორც საგარეო, ისე შიდა გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა დაძლევა სახელმწიფო და ეროვნული ინსტიტუტების ერთიან ძალისხმევას მოითხოვს.

გარეგინ II-მ ასევე გამოთქვა შეშფოთება საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების, პოლიტიკური პოლარიზაციისა და, მისი შეფასებით, სომხური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული „უკანონო და არაკონსტიტუციური ნაბიჯების“ გამო. კათოლიკოსის თქმით, მსგავსი პროცესები აზიანებს ეროვნულ ერთიანობას, სომხეთსა და დიასპორას შორის ურთიერთობებს, ასევე საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის განმტკიცებას.

ბოლო თვეებში სომხეთის ხელისუფლებასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი ეკლესიის ხელმძღვანელობას პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებენ, ხოლო ეკლესია ხელისუფლებას ანტიეკლესიურ კამპანიასა და მის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების განხორციელებაში სდებს ბრალს. დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა დააკავეს ეკლესიასთან და ოპოზიციასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, ხოლო ფაშინიანმა კათოლიკოს გარეგინ II-ს თანამდებობის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდა.