სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიიღო ცნობად ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის უკან აშკარად იკვეთება გარე ზეწოლა.
ნაურუმ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გააუქმა და შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.
უწყების მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს არ უკავშირდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციით, ნაუროს მთავრობაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა ძლიერი ზეწოლა, რომელიც, მათი შეფასებით, ხშირად მუქარასაც მოიცავდა.
დე ფაქტო საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ საქართველო დასავლეთის მხარდაჭერით კვლავ იყენებს სხვადასხვა ბერკეტს – „პოლიტიკური შანტაჟიდან ეკონომიკურ სტიმულებამდე“ – სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლაციის მიზნით. მათივე განცხადებით, ეს აჩვენებს, თუ რამდენად რთულ პირობებში უწევთ მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებს მოქმედება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატივს სცემენ ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და გადაწყვეტილებები საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს. თუმცა, მათი შეფასებით, სამწუხაროა, რომ ნაურომ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება არა საკითხის არსისადმი დამოკიდებულების ცვლილების გამო, არამედ „გარედან კარნახით“ გადახედა.
დე ფაქტო უწყების განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ ფორმალური საკითხი არ არის, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკური სიმწიფისა და დამოუკიდებლობის მაჩვენებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ოსეთი აფასებდა ნაურუს მხარდაჭერას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა მისი დამოუკიდებლობა.
განცხადების თანახმად, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს საერთაშორისო აღიარების გაფართოების პოლიტიკას და იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარებას, რომლებიც, მათი შეფასებით, „იზიარებენ სამართლიანობისა და ხალხთა ნების პატივისცემის პრინციპებს“.
დე ფაქტო საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ მისი მთავარი მოკავშირე რუსეთის ფედერაციაა და ამტკიცებს, თითქოს სამხრეთ ოსეთის „სუვერენიტეტის უფლება ხალხის ნებით არის დადასტურებული“ და მას ვერ გააუქმებს „კოლექტიური დასავლეთის ზეწოლითა და თბილისის ემისრების მოქმედებით დაწერილი არცერთი დიპლომატიური ნოტა“.
განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ საქართველოს მცდელობები, „სამხრეთ ოსეთის გარშემო დიპლომატიური სივრცე გაწმინდოს“, მათი შეფასებით, „წარუმატებელი ბრძოლაა რეალობასთან“ და სამხრეთ ოსეთის „რეალურ სტატუსზე“ გავლენას ვერ მოახდენს.
ნაურუ, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 ათასი კაცია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რომლის შესაბამისად ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ამის გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაურუს რესპუბლიკა კი, რომელსაც დახმარებას უწევდნენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას ვეღარ იღებდა.
ნაურუს მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შემდეგ, ამ დროისთვის 4 სახელმწიფო რჩება, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
