საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა აზერბაიჯანში „Toplum TV-ის საქმეზე“ ცხრა ჟურნალისტის, მედიის წარმომადგენლისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტისთვის 12-დან 15 წლამდე პატიმრობის მისჯა დაგმო.

ორგანიზაციის განცხადებით, 27 ივლისს გამოტანილი განაჩენები მთავრობის მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლის ფარგლებში გამოტანილი ყველაზე მკაცრი სასჯელებია.

ხელისუფლებამ თავდაპირველად ბრალდებულებს ვალუტის კონტრაბანდა, მოგვიანებით კი სხვა ფინანსური დანაშაულებიც წაუყენა. ბრალდებულები ბრალს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია.

Human Rights Watch-ის განცხადებით, ეს განაჩენები აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში დაკისრებული ყველაზე ხანგრძლივი სასჯელებია.

ეს სასჯელები აღემატება AbzasMedia-ის ჟურნალისტებისთვის 2025 წლის ივნისში მისჯილ 7,5-დან 9 წლამდე პატიმრობას, რომელიც 2026 წლის აპრილში უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

Human Rights Watch-ის შეფასებით, Toplum TV 2024 წელს, მისი თანამშრომლებისა და მასთან დაკავშირებული პირების დაკავებამდე, აზერბაიჯანში ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი საინფორმაციო პლატფორმა იყო.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მსგავსი ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებები AbzasMedia-ისა და Meydan TV-ის ჟურნალისტების წინააღმდეგაც გამოიყენა. „Meydan TV-ის საქმის“ ფარგლებში 12 ჟურნალისტისა და მედია წარმომადგენლის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

Human Rights Watch მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის შემზღუდავი კანონმდებლობა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კანონიერად საქმიანობისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას უზღუდავს.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს გამამტყუნებელი განაჩენები, გაათავისუფლოს დაკავებული პირები და შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიამუშაკების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“, – აცხადებს Human Rights Watch.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის საერთაშორისო პარტნიორებს, საჯაროდ დაგმონ ეს განაჩენები, მოითხოვონ დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებას განუცხადონ, რომ დამოუკიდებელი მედიის შევიწროება გავლენას მოახდენს ქვეყნებთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

27 ივლისს სასამართლომ „Toplum TV-ის საქმის“ ფიგურანტებს განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა მსჯავრდებულს 2 წლითა და 6 თვით აეკრძალა გარკვეული თანამდებობების დაკავება. ამასთან, აკიფ გურბანოვსა და რუსლან იზზეთლის 15-წლიანი, ალესგარ მამედლისა და ალი ზეინალოვის 14-წლიანი, რამილ ბაბაევის, მუშფიგ ჯაბაროვისა და ილკინ ამრაჰოვის 13-წლიანი, ხოლო ფარიდ ისმაილოვისა და ელმირ აბასოვის 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ელმირ აბასოვი სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

„Toplum TV-ის საქმეზე“ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში სულ 10 პირია მიცემული. მათ შორის არიან „მესამე რესპუბლიკის პლატფორმის“ სპიკერი აკიფ გურბანოვი, პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსლან იზზეთლი, „Toplum TV-ის“ თანადამფუძნებელი ალესგარ მამედლი, ვიდეორედაქტორი მუშფიგ ჯაბაროვი, ჟურნალისტი ფარიდ ისმაილოვი და „დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის“ თანამშრომლები ალი ზეინალოვი, ილკინ ამრაჰოვი და რამილ ბაბაევი.

ჟურნალისტი ელმირ აბასოვი მანამდე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. „Toplum TV-ის“ რედაქტორი შაჰნაზ ბეილერგიზი თავდაპირველად შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მის მიმართ პოლიციის ზედამხედველობის ღონისძიება შეირჩა.