ნაურუმ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გააუქმა.
ამის შესახებ ინფორმაციას ნაურუს მთავრობა ავრცელებს.
„ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იწვევს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, აღიარებას.
შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.
შესაბამის ქვეყნებს გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ეცნობებათ სათანადო დიპლომატიური არხების მეშვეობით“, – ნათქვამია ნაურუს მთავრობის განცხადებაში.
აღიარების გაუქმებამდე, 21 ივლისს, ნაურუმ ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობები გაუუქმა. აღნიშნულს გამოეხმაურა დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გ და განაცხადა, რომ ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება „იძულებითი ხასიათის“ იყო და „უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის პირობებში“ იქნა მიღებული.
ნაურუ, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 ათასი კაცია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რომლის შესაბამისად ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ამის გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაურუს რესპუბლიკა კი, რომელსაც დახმარებას უწევდნენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას ვეღარ იღებდა.
ნაურუს მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შემდეგ, ამ დროისთვის 4 სახელმწიფო რჩება, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია.
