საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება. ინფორმაცია საელჩომ გაავრცელა. მათი ცნობით, მაღალი რანგის კარიერული დიპლომატი 2026 წლის ივლისიდან თბილისში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის (საქმეთა დროებითი რწმუნებულის) თანამდებობას დაიკავებს.
„ქალბატონი დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის სახელობის მართვის სტიპენდიატთა (Presidential Management Fellows) პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წლიდან აშშ-ის საგარეო სამსახურის კარიერული დიპლომატი გახდა.მან ბაკალავრიატის ხარისხი სენტ-ჯონის კოლეჯში (ანაპოლისი, მერილენდის შტატი) მიიღო, ხოლო არიზონის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ქალბატონი დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მრავალჯერ არის დაჯილდოებული უმაღლესი ღირსების და განსაკუთრებული დამსახურების საპატიო ჯილდოებით“, – წერს საელჩო.
საელჩო ამბობს, რომ იგი დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი. დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები:
- საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი);
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე;
- საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე);
- ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).
საელჩოს წერს, რომ მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს:
- კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში;
- შიდაპოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში;
- ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში;
- ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).
