აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც გაფართოვდა იმ შემთხვევების ჩამონათვალი, როდესაც ინტერნეტ-რესურსზე ან მის ნაწილზე წვდომა შეიძლება დროებით შეიზღუდოს. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, ასევე- კანონში „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“.
კანონის თანახმად, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტ-რესურსზე ან მის შესაბამის ნაწილზე წვდომა დროებით შეიზღუდება, თუ მასზე განთავსდება:
- ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების დამზადების, გამოყენების, უკანონოდ შეძენის ან ნარკოტიკის შემცველი მცენარეების მოყვანის შესახებ;
- შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დამრღვევი ინფორმაცია;
- ცრუ ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივი დარღვევა ან ხელი შეუშალოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ფინანსური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სამრეწველო, ენერგეტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურის მუშაობას.
ამასთან, კანონი ამკაცრებს პასუხისმგებლობას ონლაინ-აზარტული თამაშების უკანონო ორგანიზებისთვის. ინტერნეტის, მობილური კავშირის, სოციალური ქსელების ან სხვა ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით აზარტული თამაშების ორგანიზება, არასრულწლოვანთა ჩართვა, ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა ან განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მიღება ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობით.
თუ აღნიშნული ქმედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მიღების მიზნით არის ჩადენილი, სასჯელი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან პატიმრობას ითვალისწინებს.
