აზერბაიჯანიდან უკრაინაში თითქმის 40 ტონა მოწყობილობა ჩაიტანეს, რომელიც მოხმარდება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობის გაძლიერებას. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, ტვირთი უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალური ჰაბის გავლით ერთ-ერთ რეგიონულ სარკინიგზო დანაყოფს გადაეცა. დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის რკინიგზის თანამშრომლების მუშაობის მხარდაჭერას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას რუსეთის თავდასხმების პირობებში.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს და კომპანია STP Global Cable-ს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის.

უწყების განცხადებით, ჰაბიდან თითქმის ყოველდღიურად იგზავნება მოწყობილობები უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, რაც ეხმარება ენერგეტიკის სექტორისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებას.