ხობის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც ბრალად პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ედება, სასამართლომ 60 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ამის შესახებ ნეტგაზეთს მისმა ადვოკატმა განუცხადა.
ყოფილი პოლიციელი გუშინ, 27 ივლისს, დააკავეს. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატის თქმით, ყოფილი პოლიციელი საპატიმროს, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს, მას შემდეგ, რაც გირაოს ქონების უზრუნველყოფით დაფარავენ.
პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტომასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტომასალა „მესენჯერის“ საშუალებით გაუგზავნა სხვა პირს.
ასევე, პროკურატურის ცნობით, ბრალდებული სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ ტვ პირველს უთხრა, რომ გამოძიების თანახმად, დავით ჭითანავას სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებს ესთეტიკის ცენტრიდან უგზავნიდნენ. ესთეტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ესთეტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ამ მდგომარეობას არ ადასტურებს, იქიდან გამომდინარე, რომ ოპერატიული ინფორმაციით, სწორედ ამ ესთეტიკის ცენტრის წარმომადგენელს ჰბრალდებოდა დავით ჭითანავასთან ამ ინფორმაციის გადაგზავნა და, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ბიუროს უნდა დაედგინა, იყო თუ არა გადაგზავნილი დავით ჭითანავას ტელეფონში აღნიშნული ინფორმაცია“, – აცხადებს სოსო ჯანაშია.
როგორც ადვოკატი ამბობს, საქმეზე გამოძიება წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს და ამის პარალელურად დავით ჭითანავა პოლიციაში მუშაობდა. ადვოკატის თქმით, დავით ჭითანავამ საკუთარი განცხადების საფუძველზე პოლიცია 1 თვის წინ დატოვა.
„ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ შესაძლოა ბრალდებულის ტელეფონში ყოფილიყო აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა, გარდა ოპერატიული ინფორმაციისა, ბრალდებულის ტელეფონში სხვა ინფორმაცია არ არის ნანახი. საუბრობდა ბრალდების მხარე, რომ ტელეფონი გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა მსგავსი ინფორმაცია ტელეფონში. თუმცა, წელიწად-ნახევარია ეს გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისთვის ეს მტკიცებულება ნაპოვნი არ არის“, – აცხადებს სოსო ჯანაშია.
ადვოკატის თქმით, დაკავებამდე ერთი დღით ადრე დავით ჭითანავა საქართველოს დატოვებას გეგმავდა და ამის მიზეზად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა.
„ჭითანავა თურქეთში გადადიოდა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, – აცხადებს სოსო ჯანაშია ტვ პირველთან.
ყოფილ პოლიციელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
