ბაქოს სასამართლომ TikTok-ის ბლოგერს, მაგსად ბაგიროვს, რომელიც სოციალურ ქსელში Cevik-ის სახელით არის ცნობილი, 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Oxu.az იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ბლოგერის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „ინტერნეტში არაეთიკური ქცევის“ გამო შედგა. ის აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 510.2 მუხლით არის ბრალდებული.

როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, ბაგიროვი ანტირელიგიური განცხადებებით არის ცნობილი.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“, რომლის თანახმადაც, პასუხისმგებლობა დაწესდა ისეთი ინტერნეტკონტენტის გავრცელებისთვის, რომელიც შეიცავს „საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფას და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას“, ასევე „უცენზურო გამონათქვამებს, ჟესტებს ან სხეულის ნაწილების დემონსტრირებას ზნეობრივ და ეროვნულ-სულიერ ღირებულებებთან შეუთავსებელი ფორმით“.