სტენდაფერ კომიკოს, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკო ხურცილავას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლოდან გათავისუფლდა.
გირაოს თანხა 5000 ლარია.
გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილი მიიღო. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თხოვნით მოსამართლეს პროკურორმა დავით დევიძემ მიმართა.
ნიკო ხურცილავა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. ონისე ოქრიაშვილის ინფორმაციით, მას თავს რამდენიმე პირი დაესხა. თავდასხმის ამსახველ კადრებში, რომელიც ნეტგაზეთმაც გაავრცელა, ჩანს, რომ იქ 3 პირი ფიგურირებს. უცნობია გამოავლინა თუ არა გამოძიებამ დარჩენილი 2 პირი. პროკურატურა მომხდარს ჯგუფურ დანაშაულად არ აკვალიფიცირებს.
ნაკლებად მძიმე მუხლი, რომელიც პროკურატურამ მიუსადაგა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას, ერთ-ერთ საფუძვლად დაასახელა მოსამართლემაც იმის დასასაბუთებლად, რომ ხურცილავას გირაო შეუფარდა და არა პატიმრობა.
23 ივლისს, საღამოს, სტენდაფერ კომიკოს ონისე ოქრიაშვილს რამდენიმე პირი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასა და სოცქსელებში პროპაგანდისტული კამპანია ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ, გზავნილით, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მწერალ ნოდარ დუმბაძეს.
ამ ამბავს თავად ონისეც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას აშავებენ, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ეზიზღება ნოდარ დუმბაძე, ანუ ის, ვინც შეუძლებელია გეზიზღებოდეს.
“სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის, ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული [ვარიანტი] რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს”, – თქვა ონისე ოქრიაშვილმა.
ონისე ოქრიაშვილის თქმით, ის, რაც მასთან დაკავშირებით მოხდა, პოლიტიკური დევნაა და „ქართული ოცნება“ ასეთი მეთოდებით ცდილობს ადამიანების გაჩუმებას.
