სტედნაფერი კომიკოსი ონისე ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, „ქართული ოცნების“ მიერ წაქეზებული ან დაქირავებულები იყვნენ.

ონისე ოქრიაშვილის თქმით, ის, რაც მასთან დაკავშირებით მოხდა, პოლიტიკური დევნაა და „ქართული ოცნება“ ასეთი მეთოდებით ცდილობს ადამინების გაჩუმებას.

„იყო ხელოვნურად შექმნილი, ყველა ის კონტექსტი, რომელიც მიაკერეს ჩემს ნათქვამს, ჩემს შემოქმედებას, ჩემს საქმიანობას, არის უკონტექსტო და მანიპულაციური და საბოლოოდ ამან ის შედეგი მიიღო, რომ მოამწიფეს ის განწყობა საზოგადოებაში, რომ ჩემზე ძალადობა შეიძლება არ არის ცუდი იდეა. შემდეგ უკვე დაიქირავეს ადამიანები, რომლებიც ჩამისაფრდნენ სახლთან, როცა მე მარტო მოვდიოდი სახლში აქციიდან და გამისწორდნენ ფიზიკურად.

მე არ ვიცი ადამიანებს ფული გადაუხადეს, რაიმეს დაპირდნენ, თუ უბრალოდ დააჯერეს, რომ მე ვიმსახურებდი ასეთ ჩასაფრებას. ორი თუ სამი ადამიანი მირტყამდა, მე რაც მახსოვს…

გამომძიებლებს მივაწოდე ზუსტად ის ინფორმაცია, რაც გადამხდა. მე ამ ინფორმაციის მიწოდებისას ყოველთვის ხაზს ვუსვამდი იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც ეს ამბავი შემემთხვა, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური დევნა, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს ასეთი მეთოდებით გააჩუმოს ადამიანები…

მე მომიახლოვდა ორი ადამიანი, ზუსტად მახსოვს, ერთმა მითხრა – შენ ის არ ხარ ნოდარ დუმბაძეზე რომ ეს თქვიო, მეორემ თქვა – შენი საგინებელია ნოდარ დუმბაძეო და ამ მომენტში იწყება ფიზიკური დაპირისპირება.

არ ვუშვებ, რომ ეს იყო აღშფოთებული მოქალაქე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო “ქართული ოცნების” მიერ ან წაქეზებული, ან დაქირავებული ადამიანი“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ ონისე ოქრიაშვილმა.

23 ივლისს, საღამოს, სტენდაფერ კომიკოს ონისე ოქრიაშვილს რამდენიმე პირი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასა და სოცქსელებში პროპაგანდისტული კამპანია ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ, გზავნილით, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მწერალ ნოდარ დუმბაძეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც სამმართველოში თავად გამოცხადდა.

შსს ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების განცხადებით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.