„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება იუმორისტსა და აქტივისტზე, ონისე ოქრიაშვილზე გუშინ მომხდარი ფიზიკურ თავდასხმის საქმეს და მიიჩნევს, რომ კონკრეტული მოძალადე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, იკვეთება მმართველი გუნდის და მის მიერ კონტროლირებული მედიაორგანიზაციების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც იუმორისტი დისკრედიტაციის, დეჰუმანიზებისა და დევნის კოორდინირებული კამპანიის სამიზნე გახადეს.

„პროპაგანდისტული არხების და მათთან დაკავშირებული გვერდების ქცევის მოდელი აშკარაა: ისინი სამიზნეში იღებენ ადამიანებს და ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან და შემდეგ მათი განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯით, მრავალრიცხოვანი მასალის მომზადებით, კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიით კონკრეტული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევას ცდილობენ. ზიზღის ამგვარი მიზანმიმართული კულტივირება კი არა მხოლოდ საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღრმავებს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ თავდასხმამდეც მიდის“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციისთვის აშკარაა, რომ აღნიშნული ძალადობის ინციდენტი სტრუქტურულად  არის „ქართული ოცნებისა“ და მისი პროპაგანდისტული მედიების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიის შედეგი.

SJC წერს, რომ საქმეს აქვს კიდევ ერთი კონტექსტი, რადგან იუმორისტი თითქმის 2 წელზე მეტია აქტიურადაა ჩართული რუსთაველისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვის“ პროტესტში, ქალაქის სხვადასხვა სივრცეში მას მნიშვნელოვანი აქტივისტური პერფორმანსები ჰქონდა.

„შესაბამისად, არ არის შემთხვევითი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ კონტროლირებულმა მედიებმა რუსთაველის პროტესტის გამორჩეული აქტივისტი აიღეს სამიზნეში და მისი სოციალური დასჯა მოინდომეს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, განხორციელებული ჯგუფური ძალადობა, მით უფრო, თუ  თავდამსხმელების მიერ წინასწარ ორგანიზებული იყო, უკავშირდება არა მხოლოდ ონისე ოქრიაშვილის იუმორისტულ გამოსვლას, არამედ უფრო ფართოდ, მის აქტივისტურ საქმიანობას და მიზნად ისახავს მის დაშინებასა და გაჩუმებას“, – წერს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს:
  • „უზრუნველყოს საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარება, მათ შორის ონისე ოქრიაშვილზე მოძალადე ყველა პირის იდენტიფიცირება და დასჯა, ძალადობის წინასწარი ორგანიზებისა და შესაძლო კოორდინაციის გარემოებების ნიუანსური შესწავლა;
  • უზრუნველყოს საქმეზე „პოლიტიკური და სხვა შეხედულების ქონის გამო“ სიძულვილის მოტივისა და დევნის ელემენტების გამოკვეთა და საქმის სათანადო კვალიფიკაცია;
  • წინა თვეებში სხვა აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტიური მოქალაქეების წინაამღდეგ კერძო პირების პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები დროულად და სათანადოდ გამოიძიონ და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.
„ქართულ ოცნებასა“ და მის მიერ კონტროლირებულ პროპაგანდისტულ მედიებს:
  • შეწყვიტონ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების დევნა, შევიწროება და მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციის და სიძულვილის კამპანიების ორგანიზება, რომელიც საზოგადოების შიგნით პოლარიზაციის, კონფლიქტებისა და ძალადობის მიზეზიც კი ხდება“.