„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება  აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე გუშინდელ თავდასხმას და აცხადებს, რომ მომხდარი „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო მედიის მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი გარემოს შედეგია.

საია ამბობს, რომ თავდასხმას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი კოორდინირებული მედიაკამპანია როგორც სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ანგარიშის, ასევე სახელისუფლებო მედიის მხრიდან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ კამპანიის ფარგლებში მანიპულაციურად ვრცელდებოდა იუმორისტის მიერ ნათქვამი ერთ-ერთი ხუმრობის შინაარსი და ვრცელდებოდა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომ იუმორისტი „სიძულვილის ენას იყენებდა“ ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მიმართ. პარალელურად, აქცენტი კეთდებოდა იუმორისტის მიერ პროევროპული საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერაზე.

„ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ არის იზოლირებული შემთხვევა. ის სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია, რომელიც უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პროსახელისუფლებო მედიას, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისაგან შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით ძალადობის სამიზნეების მონიშვნისა და მათი დისკრედიტაციის ფუნქციას ასრულებს“, – წერს საია.

ორგანიზაცია ამბობს, რომ პროსახელისუფლებო მედიის ასეთი ინსტრუმენტალიზაცია, სამწუხაროდ, სიახლეს არ წარმოადგენს.

საია აცხადებს, რომ  მესამე პირთა მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმა წარსულში იდენტიფიცირებული ქცევის მოდელია.

„სახელმწიფოს მხრიდან, როგორც წესი, ძალადობის წახალისების და დაუსჯელობის ზოგადი გარემოს შექმნის შედეგად, უგულებელყოფილი რჩება მისი ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ძალადობისაგან და უზრუნველყოს მოძალადეთა სათანადო პასუხისმგებლობა“, – წერს ორგანიზაცია.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იუმორის ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც სამმართველოში გამოცხადდა. შსს ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

23 ივლისს, საღამოს, სტენდაფერ კომიკოს ონისე ოქრიაშვილს რამდენიმე პირი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასა და სოცქსელებში პროპაგანდისტული კამპანია ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ გზავნილით, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მწერალ ნოდარ დუმბაძეს.