„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოპოზიციის ალიანსი ამ ეტაპზე დისფუნქციურია.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ოპოზიციის ალიანსი გადარჩეს, საჭიროა ის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და შედეგზე ორიენტირებული მოქმედება გააგრძელოს.
ამის შესახებ გვარამიამ 22 ივლისს „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
„მე მგონია, რომ ამ წუთში დისფუნქციურია ალიანსი, სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, ვინ სად დადის… „თავისუფლების მოედანი“ დადის, „ფედერალისტებიც“ დადიან, შეიძლება ვინმე სხვაც დადის… ჩვენ ძალიან სპორადული გვაქვს ეს გასვლები [რეგიონებში] იმიტომ, რომ ორგანიზებულობას სჭირდება სხვა ტიპის მზაობა.
ფუნქციონალური იყო ყველაფერი, რაც 26 [მაისამდე] ხდებოდა და 26-ში რაც მოხდა, შედეგი იყო, მაგრამ ამ შედეგს სხვა შედეგი უნდა მოეტანა, კიდევ უფრო მაღალი. ამის მერე დაიწყო კასკადი თავდასხმების, ბევრის… მე არ მჯერა ცალმხრივი თავდასხმების და რაზეც შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო, მე არ მახსოვს ჩემი კოალიციის წევრებისგან თავდასხმები ყოფილიყოს და არც იქნება, ვიდრე ალიანსი არსებობს. იმიტომ, რომ ჩვენ წესების ადამიანები ვართ და პასუხისმგებლობიანი ადამიანები ვართ. მაგრამ ამ წუთში ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს არის დისფუნქციური პერიოდი ალიანსისთვის და მას აქვს შანსი, რომ გადარჩეს იმ შემთხვევაში, თუ დავუბრუნდებით პირვანდელ მდგომარეობას“, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ ისაუბრა ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირსპირებაზეც. მისი თქმით, სანამ ალიანსის წევრებს შორის დაპირისპირება საჯარო არ იყო, ეს ალიანსს ფუნქციურობაში ხელს არ უშლიდა.
„რამდენიმე დაპირისპირებული წყვილი იყო ალიანსში, მაგრამ სანამ ეს იყო შიდა საკითხი და არ გვიშლიდა ხელს ყოფილიყავით ფუნქციურები და ეფექტიანები, მათ შორის გარე ურთიერთობებში, მანამდე ეს ტყდება ჩვენზე, ამის ატანა ვისაც გვიწევდა, მოდი ასე ვთქვათ, ყველას. მაგრამ ახლა ეს გავიდა და მესამე პირებსაც შეეხო, რაც ყველაზე უფრო უსიამოვნოა პირადად ჩემთვის.
იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ერთი პარტია, ეს ბევრჯერ გვითქვამს, ჩვენ არ ვართ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი, ჩვენ ვართ საქმის კეთებისთვის შეკრებილები, მაგრამ როცა შეუძლებელი ხდება საქმის კეთება დისფუნქციურობის გამო, მაშინ… კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სჯობს დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, განვითარების გზას ვხედავთ თუ ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ შეიძლება რაღაცა გააკეთო, რაღაცა გამოგივიდეს და მიხვდე, რომ იმის იქით უკვე შეიძლება აღარ გამოვიდეს.
ჩემთვის ახლა ეს გზაჯვარედინია, მე არ შემიძლია არაფრის კეთება. აუცილებელია ჩემთვის, რომ დავკავდე რამით, მით უმეტეს, რომ სულ მგონია, რომ ბევრი დრო მაქვს თავისუფლებაზე.
ამიტომ, თუ ჩვენ ავირჩიეთ პლატფორმა ამგვარი მოქმედების, უნდა ვიმოქმედოთ ამგვარად, ან უნდა გადავწყვიტოთ ყველამ, როგორ ვაგრძელებთ. ოღონდ მოქმედებას და არა ცხოვრებას. ცხოვრებას მე სხვების გარეშე გავაგრძელებ ისედაც ძალიან მარტივად. მე მინდა მოქმედების გაგრძელება, საქმის და შედეგის მიღწევა. „მე-ს“ რომ ვამბობ, ვგულისხმობ კოალიციას, ყველა ლიდერს“, – განაცხადა ნიკა გვრამიამ.
ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი. მისი თქმით, ალიანსის ფუნქციურობას მასში შემავალი პარტიების და კოალიციების ფუნქციურობა განსაზღვრავს და ახლა იმის გარკვევის პროცესი მიდის, ვის რა შეუძლია
„ალიანსის „დისფუნქციურობაზე“! მეგობრებო, ალიანსი არ არის ერთი სუბიექტი. ის არის რამდენიმე სუბიექტის წესებზე დაფუძნებული სტრატეგიული ერთობა.
ვართ სუბიექტები, ვინც ვფუნქციონირებთ და რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ – იმერეთი მოვიარეთ, სამეგრელოს ნაწილი მოვიარეთ, სამცხე ჯავახეთში მივდივართ – ვფართოვდებით, გუნდს ვაფართოვებთ, ჩვენ მიმართ ინტერესს ვზრდით! არიან სუბიექტები ვინც ვერ ფუნქციონირებენ.
ალიანსის ფუნქციურობას მასში შემავალი პარტიების და კოალიციების ფუნქციურობა განსაზღვრავს და ფუნქციური იქნება მაშინ, როცა იმ წევრებს დაეფუძნება, ვინც დისფუნქციურები არ არიან. ახლა ეს პროცესი მიდის. ირკვევა, ვის რა შეუძლია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
2026 წლის 2 მარტს 9 პროდასავლურმა პარტიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ალიანსზე შეთანხმდნენ.
ოპოზიციის ალიანსში ერთიანდებოდნენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.
თუმცა ალიანსის წევრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიების განაცხადეს, რომ ენმ-ს ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალიანსის პრინციპებს არღვევდა – ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავის შეკავებას.
თავად სააკაშვილი კი აცხადებს, რომ თავად ერთობის მომხრეა, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად გამოდის წყობიდან და აპირებს მას ცენზურა დაუწესოს, რეჟიმთან ბრძოლისთვის ძალა ვერ ექნება.
