ექიმის ცნობით, გუშინ ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა სტაბილურადაა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ორივე დაჭრილი კლინიკა „ჰელსიკორში“ რჩება, მათ ოპერაცია ჩაუტარდათ.

 „22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე შემოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი, ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს – მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაცია. წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ. ამ დროისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, ორივენი არიან სტაბილურად. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადა მედიას „ჰელსიკორის“ დირექტორმა, შმაგი ჭიოკაძემ.

თბილისში, ვერაზე 22 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ადამიანი დაჭრეს. შსს-ს განცხადებით, ოთხივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

ბრალდებული დაკავებულია. უწყება აცხადებს, რომ მან დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.