უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა ალექსანდრ სირსკი, მის პოსტზე მიხაილო დრაპატი დაინიშნა.
21 ივლისის ღამით გამოქვეყნებულ მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა:
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი გახდება. მიხაილოსთან, [თავდაცვის მინისტრ] ევგენი ხმარასთან და [პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პოლკოვნიკ] პაველ პალისასთან ერთად განვსაზღვრეთ, თუ როგორ უნდა განახლდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურა.
ფაქტია – ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის წარმატებები კიევის დაცვაში, ხარკოვის შეტევით ოპერაციაში, კურსკის ოპერაციაში. გავლილია მნიშვნელოვანი გზა, უკრაინის დაცვა გრძელდება და აუცილებელია ღირსეული დამოკიდებულება თითოეული მეომრის მიმართ. მე მადლობელი ვარ ალექსანდრ სირსკის და თითოეული ჩვენი მეომრის უკრაინის ძლიერი ფრონტალური პოზიციების შენარჩუნებისთვის. მე მადლობელი ვარ მიხაილო დრაპატის სწორედ ასეთი ხედვისთვის“.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიხაილო დრაპატისთან ერთად განსაზღვრა, თუ რა ამოცანები უნდა განხორციელდეს უახლოეს მომავალში და საშუალო ვადებში.
43 წლის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი აქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლის თანამდებობაზე იყო.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სირსკის გათავისუფლებისა და დრაპატის დანიშვნის შესახებ ოფიციალურ ბრძანებულებებს ოთხშაბათს მოეწერება ხელი.
რა უძღოდა საკადრო ცვლილებებს წინ
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სირსკის კონფლიქტი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, მიხაილო ფედოროვთან საჯარო განხილვის თემა გახდა.
გასულ ოთხშაბათს თანამდებობიდან გადააყენეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, რის შემდეგაც უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში, საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეები ითხოვდნენ სირსკის გათავისუფლებას და ფედოროვის თავდაცვის უწყებაში დაბრუნებას.
16 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ფედოროვმა აღიარა საკუთარი კონფლიქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ყველა წინადადება და ინიციატივა ჯარების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ წინააღმდეგობას აწყდებოდა.
ფედოროვმა განაცხადა, რომ შვიდი წელია ზელენსკის იცნობს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს „სირსკის მხარე ჯერ კიდევ არ დაუკავებია“. ბრიფინგზე ფედოროვმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი შესთავაზა, თუმცა ამაზე უარი თქვა.
16 ივლისს, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მიხაილო ფედოროვმა და გენერალური შტაბის უფროსმა, ალექსანდრ სირსკიმ ვერ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და გადაუჭრელი რჩებოდა ბრძოლის ველზე, ბრიგადებში არსებული პრობლემები და მობილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.
რაც შეეხება სირსკის პოზიციას მიხაილო ფედოროვის მხრიდან ბრიფინგზე გამოთქმული კრიტიკის ფონზე შეიარაღებულ ძალებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მან გაიხსენა 2022 წლის კიევის თავდაცვითი ოპერაცია:
„ვამაყობ იმით, რომ 2022 წელს, კიევის თავდაცვითი ოპერაციის წყალობით, ჩვენ შევძელით ჩვენი დედაქალაქის დაცვა. და ახლა ამ ქალაქში შესაძლებელია ბრიფინგების ჩატარება, ხედვების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა სირსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ფედოროვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე გაწეული მუშაობისთვის და უსურვა, „კვლავაც დარჩეს უკრაინის გუნდის ნაწილად“.
