კახეთის ქორწილის მონაწილე მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომლის მიმართაც შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, აცხადებს, რომ მისი მხრიდან არც ძალადობა და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა.
„მინდა ორიოდე სიტყვით განცხადება გავაკეთო გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. უბრალოდ გაურკვევლობა მოხდა, არაფერი არ მომხდარა, პირიქით, მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, საქმეს მაქსიმალურად დეტალურად იძიებს.
არანაირ ძალადობას არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი და მინდა, რომ ყველამ იცოდეს, რადგან ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და მინდა ყველამ იცოდეთ სიმართლე, რაც მოხდა და რაც იყო რეალობა გუშინ“, – აცხადებს ალექსანდრე მრელაშვილი.
მანამდე შსს აცხადებდა, რომ გამოკითხვაზე მისულმა მომღერალმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა, რის გამოც მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ალექსანდრე მრელაშვილი იყო მიწვეული მომღერალი 18 ივლისს სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართულ ქორწილში, რომელიც გადაიზარდა სასტუმროს სტუმრებთან კონფლიქტში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქორწილში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე). დაკავებულია სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე. მის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
შსს წერს, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
დაკავებულის ადვოკატი ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ ქალმა ყელის არეში დაზიანება თავად ჭიღლაძესაც მიაყენა. მისივე თქმით, ჭიღლაძე „რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“.
დაკავებულის ძმა ამბობს, რომ სასტუმროს სტუმრების ხმაური გამო, ქორწილის სტუმრებს წყალს ასხამდნენ აპარატურის დაზიანების მიზნით, აფურთხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ინციდენტში მონაწილე ქალი რუსეთიდან, ალიონა ნესტერიუკი უარყოფს, რომ ძალადობას წინ უძღოდა ტურისტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია. თუმცა ის ადასტურებს, რომ შესაძლოა გარკვეულ „გაუგებრობასა და კამათს“ ადგილი ჰქონდა რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებსა და ქართველ მექორწილეებს შორის.
საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
რა უძღოდა წინ დაპირისპირებას – სასტუმრო „აგარანის მამული“ მორიგ განცხადებას ავრცელებს
