კახეთში, სასტუმრო “აგარანის მამულში” მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი რუსეთიდან, ალიონა ნესტერიუკი უარყოფს, რომ ძალადობას წინ უძღოდა ტურისტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

თუმცა ის ადასტურებს, რომ შესაძლოა გარკვეულ “გაუგებრობასა და კამათს” ადგილი ჰქონდა რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებსა და ქართველ მექორწილეებს შორის.

ტურისტი ქალის ინტერვიუს საკუთარ გვერდზე ავრცელებს პრორუსი პოლიტიკოსი მამუკა ფიფია.

მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენ რაიმენაირად პროვოკაცია მოვაწყვეთ. ჩვენ არ გაგვიკეთებია ის, რასაც ინტერნეტში წერენ. ანუ, იქ არაფერი გადაგვისხამს, ვედრო არ დაგვიცლია და ასე შემდეგ. ჩვენ ჩამოვედით მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად, 5 გოგო ვიყავით. ამასთანავე, სხვა ადამიანები ქორწილს აღნიშნავდნენ.

ჩვენც აღვნიშნავდით მეგობრის დაბადების დღეს და, შესაბამისად, სასტუმროში დაახლოებით 20:11-ზე ან 20:15-ზე დავბინავდით, ალბათ. მას შემდეგ, როგორც კი შევედით, აღნიშვნა დავიწყეთ. შამპანურის ბოთლი გვქონდა, გავხსენით… შესაბამისად, შესაძლოა წვეთები მოხვდათ, როგორც ისინი (მეორე მხარე) ამბობენ, თუმცა თუ დააკვირდებით… პრინციპში, ეს შეუძლებელია. იქ სახურავია, იქ კი ბალკონი – ჩვენი ადგილი. ჩვენ არსად გავსულვართ. ანუ, მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით და ამიტომ… შესაძლოა, რაღაც გაუგებრობა მოხდა ორ მხარეს შორის. შესაძლოა, რაღაც სიტყვიერი კამათიც იყო.

მაგრამ ცალსახად, 100%-ით ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ხულიგნურად არ იქცეოდნენ, არ ბილწსიტყვაობდნენ, არ ჩხუბობდნენ. მეორე მხარემ დაიწყო ჩხუბი პირველმა. ჩვენი გოგოები საერთოდ არ გამოხატავდნენ აგრესიას, არანაირად არ შეურაცხყოფდნენ არცერთ ქვეყანას, არცერთ ადამიანს, პიროვნულ შეურაცხყოფაზე არასდროს გადასულან, ეს 100%-ია.

მით უმეტეს, მე საერთოდ ოთახში ვიყავი. როდესაც ეს სიტუაცია მოხდა, მე უბრალოდ გოგოების დაცვა დავიწყე, რადგან ის ოთახში შემოიჭრა. გოგოებმა კარი იმიტომ გააღეს, რომ ეგონათ მენეჯერი იყო… როდესაც ის ადამიანი ოთახში შემოიჭრა – იქ უბრალოდ ვიდეოც არსებობს, ჩვენც გვაქვს მთელი ვიდეომასალა თავიდან ბოლომდე… ის უბრალოდ არაადეკვატური იყო. არაადეკვატური თვალები ჰქონდა. დიახ, ყველანი შევშინდით და მე გოგოების დაცვა დავიწყე”, – აცხადებს ქალი და დასძენს, რომ უკმაყოფილოა იმით, როგორ მართა სიტუაცია სასტუმრომ.

“მათ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს. მაგალითად: მათ გვითხრეს, ფანჯრიდან არ გადაგვეხედა, არ გამოვსულიყავით. პირდაპირ ქუჩიდან ყვიროდნენ: “არ გადაიხედოთ ფანჯრიდან, შებრუნდით ოთახში”. რაც არ არის სწორი ჩვენ მიმართაც, რადგან ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც თანაბარ პირობებში მყოფი სტუმრები ვართ, ისეთივე, როგორებიც ის ადამიანები, ვინც ქორწილს აღნიშნავდნენ. ჩვენც დაბადების დღეს აღვნიშნავდით”.

დააკავეს კაცი, რომელიც კახეთში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლინა კურტამ გაავრცელა, წარწერით, რომ საქართველოში კაცები ნომერში უვარდებიან და სცემენ ქალებს რუსული საუბრის გამო.

თუმცა თავად დაზარალებული ალიონა ნესტერიუკი ინტერვიუში არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩხუბის მოტივი ენა იყო. დაპირისპირების ამსახველ ვიდეოებში ისიც ჩანს, რომ ერთ-ერთი მექორწილე ტურისტებს რუსულად ელაპარაკება.

დაკავებული გიორგი ჭიღლაძეა. ის გურჯაანის იზოლატორშია გადაყვანილი.

„ეს ჩემი ძმაა. რა თქმა უნდა, ძა­ლა­დო­ბას არ ვა­მარ­თლებ, თუმ­ცა სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას, რაც მოხ­და. ჩემი მე­ო­რე ძმის ქორ­წილ­ში ეს გო­გო­ე­ბი ხმა­უ­რის გამო ორ­ჯერ გვას­ხამ­დნენ წყალს (აპა­რა­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით და და­ზი­ან­და კი­დეც). გვა­ფურ­თხებ­დნენ და გვა­გი­ნებ­დნენ და ამას­თან, ვი­დე­ოს გვი­ღებ­დნენ… ჩემი ძმა არ ასულა იქ საჩხუბრად. ავიდა, რომ ეთქვა, ქორწილში ამგვარი საქციელი მიუღებელია. ამის შემდეგ ამ ქალმა მოსთხოვა რუსულად საუბარი, რადგან ჩემს ნომერში ხარო. ჩემმა ძმამ კი უპასუხა, რომ თავის ქვეყანაში ან ქართულად, ან ინგლისურად დაელაპარაკებოდა. ამის შემდეგ ჰკრა ჩემს ძმას ხელი და ინსტინქტურად ეს ყველაფერი მოხდა“, — წერს დაკავებულის ძმა, კახა ჭიღ­ლა­ძე.

სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა სასტუმრომ, უკმაყოფილო კომენტარების შემდეგ კი პოსტზე კომენტარების უფლება შეზღუდა.

„Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დისკრიმინაციას, სიძულვილსა და ძალადობას ნებისმიერი ფორმით და კვლავაც ვრჩებით ერთგული ჩვენი ვალდებულების – შევქმნათ უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული და სტუმართმოყვარე გარემო თითოეული სტუმრისთვის“, — ნათქვამია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.