nikol pashinyan

სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, ქვეყანა სუვერენულ, დემოკრატიულ, სამართლებრივ, სეკულარულ და სოციალურ სახელმწიფოდ განისაზღვრება. ტერმინი „სეკულარული“ ახალი პროექტის მიღების შემთხვევაში ის სახელმწიფოს კონსტიტუციურ დახასიათებას პირველად დაემატება.

სომხეთის მოქმედი კონსტიტუციის პირველი მუხლით, ქვეყანა სუვერენული, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოა, თუმცა, მასში სიტყვა „სეკულარული“ გამოყენებული არ არის.

კონსტიტუციის პროექტის მე-2 მუხლში კი წერია: „სომხეთის რესპუბლიკა სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი, სეკულარული და სოციალური სახელმწიფოა“.

ამასან, ახალი ფორმულირება არ გულისხმობს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსის გაუქმებას. პროექტში შენარჩუნებულია მოქმედი კონსტიტუციის დებულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო აღიარებს სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის განსაკუთრებულ მისიას სომეხი ხალხის სულიერ ცხოვრებაში, ეროვნული კულტურის განვითარებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

პროექტის მიხედვით, ასევე იცვლება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის კანონით მოწესრიგების შესახებ ჩანაწერი. მოქმედ კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ეს ურთიერთობები კანონით „შეიძლება მოწესრიგდეს“, ახალი პროექტით კი ისინი კანონით „მოწესრიგდება“. შესაბამისად, კანონით რეგულირება შესაძლო მექანიზმიდან სავალდებულო მოთხოვნად ყალიბდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის პროექტი 2026 წლის 23 ნოემბერს გამოაქვეყნა. პროექტი მოქმედი კონსტიტუციისგან არაერთი მიმართულებით განსხვავდება: იცვლება სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების ფორმულირებები, საარჩევნო წესები, პარლამენტის უფლებამოსილებები და სასამართლო სისტემის მოწყობა. დოკუმენტი ამ ეტაპზე პროექტია და საჯარო განხილვის პროცესში შესაძლოა შეიცვალოს.

კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული დაპირისპირების ფონზეც. 2025 წლიდან ფაშინიანსა და სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა გამწვავდა. ამ კონტექსტში სახელმწიფოს სეკულარულად განსაზღვრისა და ეკლესიასთან ურთიერთობის კანონით სავალდებულო რეგულირების შესახებ ახალი ჩანაწერები  სომხეთის საზოგადოებში დამატებით ყურადღებას იძენს.

ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთვის პროექტმა ჯერ განხილვისა და საკანონმდებლო პროცედურები უნდა გაიაროს, შემდეგ კი მისი მიღების საკითხი რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს.

ფაშინიანი: ახალი კონსტიტუცია აზერბაიჯანთან შეუქცევად მშვიდობას მოგვიტანს