დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მარატ კამბოლოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
პარლამენტში გამოსვლისას კამბოლოვმა განაცხადა, რომ “ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილების ცენტრში ადამიანი უნდა იდგეს, ხოლო რესპუბლიკის მთავარ გამოწვევად დემოგრაფიული ვითარება დაასახელა”.
„ოცდაათი წლის წინ რესპუბლიკაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობა 50 ათასს აღემატება, თუმცა რეალურად, როგორც ვიცით, ნაკლებია. ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთმა თითქმის ნახევარი მოსახლეობა დაკარგა. ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რადგან ადამიანების გარეშე ეკონომიკა ვერ ფუნქციონირებს, ბავშვების გარეშე სკოლები საჭირო არ არის, ხოლო მოსახლეობის გარეშე სოფლები ქრება“, – განაცხადა მან.
ეკონომიკურ მიმართულებებზე საუბრისას მან პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ციფრული ეკონომიკისა და IT-სექტორის მხარდაჭერა დაასახელა.
ცალკე შეეხო სატრანსპორტო ხელმისაწვდომობისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მუშაობის გაუმჯობესების საკითხებს.
„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ უნდა იგრძნოს არა მხოლოდ უსაფრთხოება, არამედ გადაადგილების კომფორტიც“, – განაცხადა მან.
კამბოლოვის პროგრამულ გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი რუსეთთან მოკავშირეობრივ ურთიერთობებს დაეთმო.
„ჩვენ გვაკავშირებს საერთო ისტორია, საერთო მეხსიერება და საერთო პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. სწორედ რუსეთის გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით იქნა უზრუნველყოფილი ჩვენი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება ყველაზე რთულ პერიოდში“, – განაცხადა მან.
კამბოლოვმა ასევე აღნიშნა უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეთა „სიმამაცე“ და თქვა, რომ დღეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის წლებში, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები და რუსეთის მოქალაქეები „მხარდამხარ იცავენ უსაფრთხოებასა და მშვიდ მომავალს“.
მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის განვითარებას ყველაზე მეტად შიდა დაპირისპირებამ შეიძლება შეუშალოს ხელს.
„ოსეთის განვითარებას მხოლოდ ერთმა რამემ შეიძლება შეუშალოს ხელი – შიდა დანაწევრებამ. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ“.
კანდიდატის წარდგენისას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ მარატ კამბოლოვის გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული თვისებები მთავრობის ეფექტიან მუშაობას უზრუნველყოფს.
გაგლოევის თქმით, კამბოლოვს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სახელმწიფო სამსახურში, მუშაობდა ეროვნულ პოლიტიკაზე, განათლების, მეცნიერებისა და სტრატეგიული განვითარების საკითხებზე და მონაწილეობდა მსხვილი სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში.
მან ასევე გაიხსენა, რომ მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ხელი მოეწერა “სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ შეთანხმებას”.
გაგლოევის შეფასებით, ეს დოკუმენტი ორ მხარეს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს ხსნის და ინტეგრაციული პროცესების შემდგომ განვითარებას განსაზღვრავს, რის გამოც სახელმწიფო უწყებების წინაშე ახალი შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელოვანი ამოცანები დგას.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
