საზოგადოება

„ოცნება“ ჯარიმების გასაჩივრების წესს ცვლის და ის მიმდინარე საქმეებსაც შეეხება

1 ივლისი, 2025 •
„ოცნება“ ჯარიმების გასაჩივრების წესს ცვლის და ის მიმდინარე საქმეებსაც შეეხება

„ქართული ოცნება“ გზის გადაკეტვის საქმეებზე ჯარიმების გასაჩივრების წესს ცვლის.

ცვლილება ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ისეთ მუხლებს, რომლებიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, პატიმრობასაც ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილების მიხედვით, თუ პირი მსგავსი მუხლების დარღვევისთვის დაჯარიმდება, მას ჯარიმის გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში შეეძლება. ასეთია ის მუხლები, რომლებიც ხშირად გამოიყენება საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ადამიანების მიმართ, მათ შორისაა მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის შესახებ მუხლი.

მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი, რომელიც გზის გადაკეტვას შეეხება, ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. დღეს მოქმედი კანონით, თუ პირი გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმდებოდა, მას შეეძლო, რომ ჯარიმა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდგომ კი სასამართლოში გაესაჩივრებინა ან პირდაპირ სასამართლოში წასულიყო.

ამასთან, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში, მისი ყველა ინსტანციაში (ასეთი 3 ინსტანცია იყო: შსს, საქალაქო სასამართლო, სააპელაციო სასამართლო) განხილვის დასრულებამდე  ჯარიმის გადახდის აღსრულება ჩერდებოდა. სწორედ ამ გზას მიმართავდა არაერთი ადამიანი, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააჯარიმეს.

თუმცა ახლა „ქართული ოცნება“ ჯარიმის გასაჩივრების წესს დაჩქარებულად ცვლის. ახალი წესით, მსგავსი მუხლების დარღვევისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითარი შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ გასაჩივრდება და დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმის გასაჩივრებისთვის უშუალოდ სასამართლოს უნდა მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ როდესაც საქალაქო სასამართლო საჩივარზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ის მაშინვე შევა ძალაში და მისი ზემდგომ ინსტანციაში ანუ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება ჯარიმის გადახდის აღსრულებას აღარ შეაჩერებს. ახალი წესით დაჯარიმებული პირი ვალდებული იქნება ჯარიმა კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, გასაჩივრებული აქვს თუ არა ზედა ინსტანციაში.

ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოებაში მიღებულ საქმეებზე, რომელიც ჯერ შსს-ში გასაჩივრებული არ არის, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ საქმის განხილვისას გამოიყენება გასაჩივრების ახალი წესი.

ხოლო ის საჩივრები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროშია შესული და რომლებზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის,  საქმის მასალებთან ერთად, შსს-ს მიერ განსახილველად გაიგზავნება სასამართლოში კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში.

ვინაიდან ცვლილებებს „ოცნება“ დაჩქარებული წესით იღებს,  მას 2 დღეში განიხილავს, საბოლოდ კი ხვალ, 2 ივლისს, მიიღებენ.

თუ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის (მათ შორის გზის გადაკეტვა) დაჯარიმებული პირი ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი