ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მადლიერებას გამოხატავენ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმული იყო საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. ამასთან, განცხადება კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმ საერთო სტრატეგიულ ინტერესებს, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აერთიანებს რეგიონული და გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადებით, ამერიკულმა მხარემ მკაფიოდ მიუთითა, რომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის, ინვესტიციების ზრდისა და საერთო ინტერესების სრულფასოვანი რეალიზებისთვის აუცილებელია პროგნოზირებადი, სტაბილური და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს არსებობა.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღებით მოუსმინოს საქართველოს მეგობრების გზავნილებს და გადადგას ნაბიჯები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის აღსადგენად, აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციის და შეურაცხყოფის კამპანიას. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც საქართველო მძიმე სახელმწიფოებრივ კრიზისს განიცდის, ქვეყანაში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, იდევნება განსხვავებული აზრი, სასამართლო მმართველი პარტიის პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა გრძელდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული გარდაქმნის მთავარი მხარდამჭერი და სწორედ დასავლელი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით გახდა შესაძლებელი მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

„დღეს საქართველოში არსებული ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევების, შემცირებული საერთაშორისო ნდობისა და ინვესტიციების კლების პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ ძალას. ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციის გზას ირჩევს. საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკური წარმატება ყოველთვის დაკავშირებული იყო დასავლურ პარტნიორებთან თანამშრომლობასთან, დემოკრატიულ განვითარებასთან და კანონის უზენაესობასთან. ამ საფუძვლების შესუსტება პირდაპირ აზიანებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აშშ-ის ხელისუფლების, კონგრესის წევრებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ აგრესიული და უპასუხისმგებლო რიტორიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნის ისტორიის, ცივილიზაციური მიზნებისა და მათ შორის კონსტიტუციით გამყარებული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს. მსგავსი პოლიტიკა არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, არამედ აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, — ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევენ ხელისუფლების მცდელობას, საზოგადოებას სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი კრიტიკა წარუდგინოს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

„სინამდვილეში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული პარტნიორების განცხადებები ემსახურება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოების, ეკონომიკური წინსვლისა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას. ამ გზავნილების იგნორირება და პარტნიორების მტრებად წარმოჩენა კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ. ასევე მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას. საქართველოს მომავალი არის დემოკრატიულ სამყაროში და ევროატლანტიკურ ოჯახში. ამ გზიდან გადახვევა არ არის ქართველი ხალხის არჩევანი“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
  2. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  3. საფარი
  4. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  5. პრევენცია პროგრესისთვის
  6. საქართველოს მომავლის აკადემია (Georgia’s Future Academy)
  7. მწვანე ალტერნატივა
  8. EECMD
  9. საქართველოს ევროპული ორბიტა
  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  11. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI
  13. თბილისი პრაიდი
  14. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  15. უფლებები საქართველო
  16. სამართლიანი არჩევნები