აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი რეზოლუციის მიღებას.

საქართველოს რეზოლუციას გაეროში მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა

“რეზოლუცია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილთა საკითხზე წარმოადგენს წმინდა პოლიტიკურ ჟესტს, რომელიც სრულადაა მოწყვეტილი ადამიანის უფლებებზე რეალური ზრუნვისგან. აშკარაა, რომ ეს არის კოლექტიური დასავლეთის კოორდინირებული ზეწოლის შედეგი, რომლის მიზანიც ნებისმიერი საშუალებით ქართული დღის წესრიგის ყურადღების ცენტრში ხელოვნურად შენარჩუნებაა”.

რეზოლუციის მთავარ ნაკლად სოხუმი ასახელებს მის “სრულ ცალმხრივობას”, ვინაიდან აფხაზეთს გაეროს ტრიბუნიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევა.

“ასეთ პირობებში ყოველწლიური სხდომა გადაიქცევა ქართული მხარის მიერ წარმართულ მონოლოგად, სადაც განსახილველი პრობლემა ხელოვნურადაა მოწყვეტილი იმ მხარის პოზიციებს, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”.

აფხაზური მხარე ყურადღებას ამახვილებს ასევე საქართველოში ოპოზიციის აქტივობაზე.

დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიამდე ცოტა ხნით ადრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო კამპანია „გახსოვდეს აფხაზეთი“ და ე.წ. „ათი ინიციატივის“ პაკეტი წარადგინა.

განცხადების ავტორების მტკიცებით, ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ „აფხაზეთის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება“.

აფხაზური მხარის მიხედვით, სწორედ ამ ფონზე მობილიზდა საქართველოს დასავლელი მხარდამჭერების დიპლომატიური რესურსი გაეროში, რათა, მათი შეფასებით, შენარჩუნებულიყო საერთაშორისო ყურადღება ქართული პოზიციების მიმართ.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, მმართველი „ქართული ოცნებისთვის“ 107 ხმის მხარდაჭერის შენარჩუნება „მშვიდობიანი რეინტეგრაციის“ პოლიტიკის წარმატების წარმოჩენას ემსახურება. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ მიღებული რეზოლუცია პრაქტიკული თვალსაზრისით არარეალიზებადია და ვერ შეცვლის არსებულ პოლიტიკურ-სამართლებრივ რეალობას.