ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აშშ-ისთვის არასოდეს უკითხავთ, რა შეიძლება გააკეთონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები წინა ადმინისტრაციის „უღირსი დამოკიდებულების და ქცევის“ გამო გაფუჭდა და მისი გამოსწორება მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის „ღირსეული ქცევით და დამოკიდებულებით“ არის შესაძლებელი.
ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რას იტყვის სახელმწიფო მდივანი საქართველოს შესახებ, ამ ოპოზიციისთვის საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად არის დისკრედიტირებული, იმდენადაა დასუსტებული ოპოზიცია, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას სახელმწიფო მდივნის მიმართ, ამერიკული ადმინისტრაციის მიმართ, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმით ვუყურებთ ყველა გზავნილს, მათ შორის იმ გზავნილებს, რომლებიც მოვისმინეთ უშუალოდ საქართველოში ვიზიტის დროს. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოსა და აშშ-ს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია შემდგომ მოლაპარაკებებზე.
არაფრის დაპირებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ ერთადერთ რამეზე – მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. დაპირებებზე საუბარიც არასწორია. ერთი რამ შემიძლია შევახსენო ყველას, თუ რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100 %-ით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული გაასწოროს [ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ]“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე უარყოფს რუბიოს განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ მხარეს ჰკითხა, თუ რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის, რაზეც აშშ-ისგან პასუხი მიიღეს.
„ჩვენ არასდროს, არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე – „აბა, მარკო რუბიო იტყუება?“ – კობახიძემ უპასუხა:
„არა, ტყუილი რა შუაშია. ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით რაღაც თქვას. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. შეიძლება, ადამიანი რომ საუბრობს, რაღაც ან ასე თქვას, ან ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რა იყო ფაქტი. ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. ეს იყო ერთადერთი, რაც ჩვენი მხრიდან ითქვა…
საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან. საქართველო სწორედ ღირსებას იცავდა წინა ადმინისტრაციისგან, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ითხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ ღირსების დაცვის საფუძველზე მოვახერხეთ, უმძიმესი რისკები აგვეცილებინა თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის. უმძიმეს რამეს ითხოვდა წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც გაფუჭდა ასეთი უღირსი დამოკიდებულებით და ქცევით წინა ადმინისტრაციის მხრიდან, შეიძლება გასწორდეს მხოლოდ ღირსეული ქცევით და დამოკიდებულებით ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ეს არის მკაფიო გზავნილი, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ როგორც საჯაროდ, ისე დახურულ შეხვედრებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ერთ კითხვას მარკო რუბიოს განცხადებაზე, რომ იმედია, საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას იხილავენ, კობახიძე პასუხობს:
„რომელ ტრაექტორიაზეა საუბარი? სადაური ტრაექტორია გვაქვს ჩვენ? საით მიდის ჩვენი ტრაექტორია? თვითონ საუბრობს ამერიკის ადმინისტრაცია, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და რომ მას უნდა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, აშშ-თან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საჭირო კონკრეტული გზამკვლევი, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს, ცალმხრივად ვერ ჩამოყალიბდება.
„ჩვენ იმისთვის ვხვდებით ამერიკელ პარტნიორებს, რომ ერთად შევჯერდეთ გზამკვლევზე, ორმხრივად შეჯერებული უნდა იყოს, ცალმხრივად როგორ შევთავაზებთ. საბოლოოდ, ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ პროცესი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენით დასრულდება. ეს არის ჩვენი სურვილი… თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის ხელყოფას. რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას მოგვიანებით გაიგებთ.
ჩვენი ცალმხრივი გზამკვლევი არის ერთი – ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს ღირსებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.
რა თქვა მარკო რუბიომ?
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განხადებით, იმედოვნებენ, რომ იხილავენ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება.
ამის შესახებ მან კონგრესში ჯო უისლონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელიც არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და თეირანისთვის სანქციების გვერდის ავლას უზრუნველყოფენ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უწყობს ხელს საქართველოში?“- ჰკითხა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მარკო რუბიოს.
მარკო რუბიოს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ მხარეს ჰკითხა, თუ რა არის საჭირო უკეთესი ურთიერთობისთვის, რაზეც აშშ-სგან პასუხი მიიღეს. რუბიო იმედოვნებს, რომ საქართველოსგან ქცევის შეცვლასაც იხილავენ.
„საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლახან ჩამოთვალეთ, ჩვენს შეშფოთებას იწვევს. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ. მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური პასუხიც. ასე რომ, იმედია, ვიხილავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველაფერი, რაც ახლახან ჩამოთვალეთ, ჩვენთვის მანამდე არსებულ პრობლემებს წარმოადგენს. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის? ჩვენ ვუპასუხეთ და, იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე წინსვლას და, შესაძლოა, ტრაექტორიის შეცვლას არა მხოლოდ ჩვენი და საქართველოს ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
